მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

2021 წელს სახელმწიფო ბიუჯეტის პრივატიზაციის გეგმა ვერ შესრულდა

61ea9dfce6f8c
შოთა ტყეშელაშვილი
21.01.22 19:20
881
გამოქვეყნდა 2021 წლის ბიუჯეტის შესრულების ანგარიში, საიდანაც ირკვევა, რომ გასულ წელს პრივატიზაციის გეგმა, რაც 350 მილიონ ლარს შეადგენდა, ვერ შესრულდა. დაგეგმილი თანხიდან ბიუჯეტში მხოლოდ 212.6 მილიონი ლარი შევიდა, რაც გეგმის 60.7%-ია.

2021 წელს პრივატიზაციის შემოსავალი 2020 წელთან შედარებით ორჯერ გაიზარდა, რადგანაც 2020 წელს სახელმწიფომ მხოლოდ 98 მილიონის ღირებულების ქონება და აქტივები გაყიდა.

სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს მიერ bm.ge-ისთვის გაგზავნილ განმარტებაში ნათქვამია, რომ 2021 წელს სახელმწიფო ბიუჯეტის საგადასახადო შემოსავლები მოსალოდნელზე მეტად გაიზარდა, რის გამოც, პრივატიზაციიდან დამატებითი თანხების მობილიზების საჭიროება შემცირდა.

„სააგენტო 2022 წელსაც შესთავაზებს ბიზნესსექტორს მათ საჭიროებებსა და მოთხოვნილებებზე მორგებულ სხვადასხვა საპრივატიზებო პაკეტს. 2022 წლის განმავლობაში ჯამურად იგეგმება 25 საწარმოში სახელმწიფოს კუთვნილი აქციების პაკეტისა და წილის პრივატიზების ინიცირება, აქედან საპრივატიზებოდ უკვე მზადაა 13 საწარმო, ხოლო 12 საპრივატიზებო მომზადების პროცესშია.
აღსანიშნავია, რომ ორნიშნა ეკონომიკური ზრდის პირობებში სახელმწიფო ბიუჯეტში დაგეგმილზე მეტი გადასახადის მობილიზება მოხდა, რის გამოც პრივატიზებიდან კიდევ უფრო მეტი ფინანსური რესურსის მიღების აუცილებლობა დღის წესრიგიდან მოიხსნა. ეს პერიოდი გამოყენებული იქნება პოტენციურ ინვესტორებთან მეტი კომუნიკაციისთვის, რათა 2022 წელს სახელმწიფოს საკუთრებაში არსებული ქონების პრივატიზება უკეთესი საინვესტიციო პირობებით მოხდეს.

2021 წელს სააგენტომ 2,426 აუქციონი გამოაცხადა, რაც პირდაპირ მეტყველებს კერძო სექტორის მხრიდან გაზრდილ მოთხოვნაზე, რაც პოზიტიურად აისახება ქვეყნის ეკონომიკურ პროცესებზე. სახელმწიფო ქონების პრივატიზების გააქტიურება კერძო ბიზნესის განვითარებას და როგორც უცხოური ისე ადგილობრივი ინვესტიციების მოზიდვას უწყობს ხელს, რაც გაზრდის როგორც შემოსავალს ბიუჯეტში, ასევე შექმნის ახალ სამუშაო ადგილებს. სახელმწიფო ქონების პრივატიზაციის პროცესი გამჭვირვალე და ყველასთვის ხელმისაწვდომია,”- ნათქვამია თავად სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს მიერ მოწოდებულ ინფორმაციაში.

2022 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის თანახმად, პრივატიზაციის გეგმა 300 მილიონი ლარით არის განსაზღვრული.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები