მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

2021 წელს ყალბი ქოლ-ცენტრების ტრანზაქციების რაოდენობა კვლავ დიდი იყო - FMS-ის ანგარიში

62cfd6791bfcb
შოთა ტყეშელაშვილი
14.07.22 13:07
847
საქართველოში ფულის გათეთრების და ტერორიზმის დაფინანსების პრევენციაზე პასუხისმგებლობა “ფინანსური მონიტორინგის სამსახურს” ეკისრება, რომელიც მთავრობის დაქვემდებარებაში არსებული უწყებაა. ორგანიზაცია ამ მიმართულებით კომერციულ ბანკებს, მისო-ებს, აზარტული თამაშების კომპანიებს, სადაზღვევო კომპანიებს და სხვა კომპანიებს არეგულირებს. უწყების 2021 წლის ანგარიშიდან ირკვევა, რომ ისინი ე.წ. “ქოლ ცენტრების” ოპერირებასაც სწავლობდნენ და ამ მიმართულებით ჩადენილ დანაშაულებს იძიებდნენ.

უწყების ანგარიშში არაა დასახელებული უშუალოდ რა მოცულობის ტრანზაქციები შეასრულეს ამ ქოლ-ცენტრებმა, თუმცა მითითებულია, რომ ამ თაღლითური ოპერაციების მასშტაბები დიდი იყო.

“2021 წელს ქოლ-ცენტრების მიერ განხორციელებული ტრანზაქციების რაოდენობა კვლავ დიდი მოცულობის იყო. მსგავსი კომპანიები იქმნება, ძირითადად, საზღვარგარეთ მყოფ პოტენციურ მომხმარებლებთან კონტაქტის დასამყარებლად, რომლებსაც სთავაზობენ სხვადასხვა პროდუქტის შეძენას, ინვესტიციის განხორციელებას, ვალუტების კურსებზე და ბინარულ ოპციონებზე თამაშსა და ა.შ. თაღლითური მიზნისთვის შექმნილი ქოლ-ცენტრის შემთხვევაში მსხვერპლი ან საერთოდ ვერ იღებს წინასწარ შეთანხმებულ მომსახურებას ან იღებს გაცილებით დაბალი ხარისხის სერვისს (ე.წ. „Boiler Room Scam“) ან კარგავს იმ თანხას, რომლითაც ე.წ. ინვესტიცია განახორციელა (ე.წ. „Investment Scam“),” - ნათქვამია ფინანსური მონიტორინგის სამსახურის ანგარიშში.

2021 წლის განმავლობაში სამსახურმა სულ 84 საქმე გამოავლინა, რომლებიც შსს-ს, პროკურატურასა და სუს-ს გადაეგზავნათ. რაოდენობრივად, გაგზავნილი საქმეების რიცხვი 2020 წელთან შედარებით ერთით არის შემცირებული, რასაც FMS-ი პანდემიის გამო ამ მხრივ შემცირებულ აქტივობას უკავშირებს.

“2021 წელს მიღებული ანგარიშგების ფორმების ანალიზის და სამსახურის მიერ მოძიებული სხვა ინფორმაციის დამუშავების შედეგად, საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახურმა გამოავლინა და „ფულის გათეთრების და ტერორიზმის დაფინანსების აღკვეთის ხელშეწყობის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად საქართველოს პროკურატურის, შინაგან საქმეთა სამინისტროს, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურისა და შემოსავლების სამსახურის შესაბამის სტრუქტურულ ერთეულებს გადასცა 84 საქმე (მათ შორის, 10 საქმე ტერორიზმის შესაძლო დაფინანსების სავარაუდო შემთხვევაზე, ხოლო 1 საქმე ერთ-ერთი ქვეყნის მიმართ დაწესებული სანქციების შესაძლო გვერდის ავლის მცდელობაზე).

აღსანიშნავია, რომ ისევე, როგორც 2020 წელს, წინა წლებთან შედარებით სამსახურის მიერ სამართალდამცავი ორგანოებისა და შემოსავლების სამსახურისთვის 2021 წლის მანძილზე გაგზავნილი საქმეების რაოდენობის შემცირება განპირობებულია Covid-19 ვირუსის გლობალური პანდემიით, რამაც უარყოფითად იმოქმედა საქართველოს და პარტნიორი ქვეყნების ეკონომიკური ზრდის ტემპზე და, შესაბამისად, ამ პერიოდში განხორციელებული ტრანზაქციების კლება განაპირობა,” - ნათქვამია დოკუმენტში.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები