მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

2021 წლიდან გარკვეულ შემთხვევებში დღგ-სგან გათავისუფლდება ძირითადი საშუალებების მიწოდება

5fdca44386178
გელა ბარშოვი
18.12.20 19:55
6812
შესავალი

2021 წლის იანვრიდან საგადასახადო კოდექსის დღგ-ის ნაწილი მთლიანად იცვლება. დღგ-ის კარის ახალი რედაქცია უკვე გამოქვეყნებულია საკანონმდებლო მაცნეს ოფიციალურ ვებ-გვერდზე (ყვითლად მონიშნული ტექსტი). საგადასახადო კანონმდებლობის ახალი რედაქციის მიხედვით, დღგ-ისგან ჩათვლის უფლების გარეშე გათავისუფლებული პირების მიერ საქონლის მიწოდება რიგ შემთხვევებში გათავისუფლდება დღგ-ისგან ჩათვლის უფლების გარეშე.

როგორც იცით, საგადასახდო კოდექსის დღევანდელი (2021 წლამდე მოქმედი) რედაქციით ზოგიერთი ბიზნეს საქმიანობა (მაგალითად, საბანკო-საფინანსო, სამედიცინო, საგანმანათლებლო, სათამაშო ბიზნესი და ა.შ.) თავისუფლდება დღგ-ისგან ჩათვლის უფლების გარეშე, თუმცა ეს გათავისუფლება არ ეხემა ასეთი კომპანიების მიერ მათ საკუთრებაში არსებული აქტივების მიწოდებას.

განხორციელებული ცვლილება

(171. 2): დღგ-სგან გათავისუფლებასთან დაკავშირებით, ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი სიახლის მიხედვით, თუ პირი რომელიც მოღვაწეობს საგანმანათლებო, სამედიცინო, აზარტული თამაშობების, ფინანსური მომსახურების სფეროში (ეს საკითხი ასევე რიგ სხვა გათავისუფლებულ სფეროებსაც ეხება, რომლებიც ახალი რედაქციის 170-ე მუხლის პირველ ნაწილში, ასევე 171-ე მუხლის პირველი ნაწილის “ა“ და „ბ“ ქვეპუნქტებშია ჩამოთვლილი) ასეთი პირების მიერ საქონლის მიწოდება გათავისუფლდება დღგ-ისგან ჩათვლის უფლების გარეშე, შემდეგი ორი წინაპირობის დაკმაყოფილების შემთხვევაში:
• რეალიზებული საქონელი პირის მიერ გამოიყენებოდა ზემოთ ჩამოთვლილ, დღგ-ისგან გათავისუფლებული საქომიანობებისთვის;
• პირს ასეთი საქონლის შესყიდვისას არ მიუღია დღგ-ის ჩათვლა ან/და არ გააჩნდა ჩათვლის მიღების უფლება.

მაგალითი 1

ბანკმა 2024 წელს გაყიდა 2021 წელს შეძენილი საოფისე ფართი, რომელშიც აღნიშნული ბანკის ფილიალი იყო განთავსებული. ბანკს ამ აქტივის შეძენისას დღგ-ის ჩათვლა არ განუხორციელებია.

მაგალითის შეფასება

მოცემულ შემთხვევაში, ბანკის მიერ აქტივის რეალიზაცია ჩათვლის უფლების გარეშე გათავისუფლდება დღგ-ისგან.

კოდექსში არსებული ახალი ჩანაწერი, რომელიც ზემოთ აღნიშნულ საკითხს არეგულირებს, შემდეგნაირად გამოიყურება:
„ახალი რედაქციის 171-ე მუხლის მე-2 ნაწილი:

დღგ-ისგან ჩათვლის უფლების გარეშე გათავისუფლებულია დასაბეგრი პირის მიერ იმ საქონლის მიწოდება, რომელიც მის მიერ გამოყენებულია ამ კოდექსის 170-ე მუხლის პირველი ნაწილის ან ამ მუხლის პირველი ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტების შესაბამისად დღგ-ისგან გათავისუფლებული რომელიმე საქმიანობისთვის, თუ აღნიშნული საქონლის შეძენისას არ წარმოშობილა ან/და არ გამოყენებულა დღგ-ის ჩათვლის უფლება.„

ამასთან, კანონმდებელი აღნიშნულ ნორმასთან დაკავშირებით კოდექსის გარდამავალ დებულებებში (მუხლი 309) დათქმას აკეთებს, რომ აღნიშნული საკანონმდებლო ნორმა არ ვრცელდება 2021 წლამდე შეძენილ ძირითად საშუალებებზე. კერძოდ, 2021 წლამდე შეძენილ და 2021 წლის შემდგომ რეალიზებულ ძირითად საშუალებებზე გავრცელდება 2021 წლამდე არსებული დებულება, რომელსაც ქვემოთ განვიხილავ.

ახალი რედაქციის მუხლი 309, ნაწილი 123:

„2021 წლის 1 იანვრამდე შეძენილი ძირითადი საშუალების 2021 წლის შემდგომ პერიოდში მიწოდების შემთხვევაზე ვრცელდება 2021 წლის 1 იანვრამდე მოქმედი ამ კოდექსის ან 174.9 მუხლის პრიმა 1 გათვალისწინებული დებულებები.“ 

როგორ რეგულირდება აღნიშნული საკითხი 2021 წლამდე არსებული კანონით:

2021 წლამდე არსებული რედაქციით ასეთი ოპერაცია დასაბეგრია და საკმაოდ დიდ თანხებს უკავშრდება. თუმცა ისიც უნდა აღინიშნოს, რომ 2021 წლამდე რედაქაციით, პირს ასეთ ოპერაციაზე დასაბეგრი ბრუნვის შემცირების უფლებაც აქვს ამ აქტივზე ჩაუთვლელი/აღდგენილი დღგ-ის თანხით, ამიტომ ბევრ შემთხვევაში შედეგი შესაძლოა ერთი და იგივე დამდგარიყო (თუ არ-ჩათვლილი/აღდგენილი დღგ-ის თანხა აღემატება ან ტოლია რეალიზაციაზე დასარიცხი დღგ-ის ოდენობის).
2021 წლამდე რედაქციის 174.9 მუხლის პრიმა 1 ნაწილით:

„პირს უფლება აქვს, იმ ძირითდი საშუალების მიწოდებისას, რომლის მიხედვითაც ამ მუხლის მე-7-მე-9 ნაწილების გათვალისწინებით არ მიუღია ან/და გაუუქმდა დღგ-ის ჩათვლა, დასაბეგრ ოპერაციაზე დასარიცხი დღგ-ის თანხა შეიმციროს ამ ძირითადი საშუალების მიხედვით მიუღებელი ან/და გაუქმებული დღგ-ის ჩათვლის თანხის ოდენობით, შესაბამისი დოკუმენტის ან/და საფუძვლის არსებობისას.“

მაგალითი 2

2015 წელს კაზინომ შეიძინა შენობა დღგ-ის ჩათვლით 236 000 ლარად (დღგ 36 000 ლარი), რომლიც შემდგომში, 2021 წელს გაყიდა 300 000 ლარად დღგ-ის გარეშე (დასარიცხი დღგ 54 000 ლარი). შეძენილ შენობაზე კაზინოს მხოლოდ 6000 ლარის დღგ-ის ჩათვლა ქონდა განხორციელებული (31 000 ლარის ოდენობის ჩაუთვლელი დღგ).

მაგალითის შეფასება

შენობის რეალიზაციის ოპერაციაზე დასარიცხი დღგ-ის ოდენობაა 54 000 ლარი (300 000*18%), თუმცა კაზინოს უფლება აქვს აღნიშნული თანხა შეამციროს ასეთ შენობაზე ჩაუთვლელი/აღდგენილი დღგ-ის თანხის ოდენობით-31 000 ლარით. შედეგად, მოცემულ ოპერაციაზე დასარიცხი დღგ შეადგენს 23 000 ლარს (54 000-31000), ნაცვლად 54 000 ლარისა.

რა უარყოფითი შედეგი შეიძლება გამოიწვიოს აღნიშნულმა ცვლილებამ?

საყურადღებოა, რომ დღევანდელი რედაქციის 174.9 მუხლის პრიმა 1 ნაწილით გათვალისწინებული ნორმა კოდექსში აღარ იარსებებს და ის ფაქტობრივად ჩანაცვლდება ზემოთ განხილული დებულებით, კერძოდ, კოდექსის ახალი რედაქციის 171-ე მუხლის მე-2 ნაწილით. ამან კი რიგ შემთხვევებში, შესაძლოა უარყოფითი შედეგები გამოიწვიოს გადასახადის გადამხდელებისთვის. ამის მიზეზი ის არის, რომ, როგორც ჩანაწერიდან იკითხება, ქონების შესყიდვისას 1 ლარის ოდენობით დღგ-ის ჩათვლის შემთხვევაშიც პირი ვალდებული ხდება ასეთი ქონების რეალიზაცია დაბეგროს დღგ-ით სრული ოდენობით. ამასთან, პირი ვეღარც ვერ-ჩათვლილი/აღდგენილი დღგ-ის თანხით შეამცირებს ასეთი აქტივის რეალიზაციის დღოს გადასახდელი დღგ-ის თანხას.

მაგალითი 3

მიკრო-საფინანსო ორგანიზაციამ 2021 წელს შეიძინა აქტივი 1 180 000 ლარად დღგ-ის ჩათვლით (დღგ 180 000 ლარი). რაზეც ნაწილობრივ განახორციელა დღგ-ის ჩათვლა (სულ 35000 ლარის ოდენობით). კომპანიამ ეს შენობა გაყიდა 2025 წელს ისევ 1 მლნ ლარად დღგ-ის გარეშე.

მაგალითის შეფასება

მოცემულ შემთხვევაში, ახალი ჩანაწერის გათვალისწინებით, მიკრო საფინანსო ორგანიზაცია, რომელმაც აღნიშნულ ქონებაზე ჩათვლის უფლება ნაწილობრივ გამოიყენა, ვალდებული გახდება შენობის რეალიზაციის ოპერეციაზე დაარცხოს და გადაიხადოს 180 000 ლარის ოდენობის დღგ.

დღეს არსებული ნორმის გათვალისწინებით კი მხოლოდ 35 000 ლარის დღგ-ის გადახდა მოუწევდა. (180 000 ლარის დასარიცხი დღგ შემცირდებოდა ვერ-ჩათვლილი 145 000 ლარის დღგ-ის ოდენობით).

სავარაუდოდ, მაგალითში აღწერილი სიტუაციიდან ერთადერთი გამოსავალია დღგ-ის ჩათვლაზე თავიდანვე უარის თქმა, რათა მიკრო-საფინანსო ორგანიზაციამ დაწესებული დღგ-ის შეღავათით სარგებლობის უფლება მოიპოვოს.

დიდი ალბათობით, ამიტომაც მოქმედებს 2021 წლამდე შეძენილ ქონებაზე ძველი ნორმა. 2021 წლიდან შეძენის შემთხვევაში, გადამხდელს უკვე ექნება ინფორმაცია იმასთან დაკავშრებით, რა საგადასახადო შედეგი შეიძლება გამოიწვიოს შეძენილ ძირითად საშუალებაზე დღგ-ის ნაწილობრივ ჩათვლამ.

თუმცა, ისიც უნდა აღინიშნოს, რომ რთულია, ბიზნესმა წინასწარ განსაზღვროს, გაყიდის თუ არა შეძენილ ქონებას და მხოლოდ იმის გამო თქვას მისაღებ ნაწილობრივ ჩათვლაზე უარი, რომ შესაძლოა, ოდესმე აღნიშნული ქონების რეალიზაცია მოახდინოს (ასეთი მომენტი შესაძლოა არც კი დადგეს).

შენიშვნა: ახალი ნორმა უფრო დეტალურად განიმარტება ფინანსთა მინისტრის ბრძანებაში, რომელიც, სავარაუდოდ, 2021 წლის იანვრიდან გამოქვეყნდება.

შეჯამება

ამ სტატიაში აღწერილი სიახლის მიხდვით დღგ-ისგან გათავისუფლების ახალი ნორმა შემოდის, რაც ხშირ შემთხვევაში, ბიზნესისთვის დადებითი შედეგის მომტანი შეიძლება აღმოჩნდეს, თუმცა იმის გამო, რომ აღნიშნულმა ნორმამ ჩაანაცვლა უკვე არსებული მსგავსი დებულება, შედეგად შესაძლოა ასევე დადგეს შემთხვევები, როცა პირი ვერც ახალი შეღავათით ისარგებლებს და ვერც არსებულით (რადგან ის გაუქმებული იქნება).

ავტორის შესახებგელა ბარშოვი არის სადაგადასახადო კონსულტანტი და აუდიტორული/საკონსულტაციო ფირმა „თიფი სოლუშენის“ მმართველი პარტნიორი. გელა სპეციალიზებულია როგორც საქართველოს, ასევე საერთაშორისო საგადასახადო სამართლის მიმართულებაში. ელ. ფოსტა. gela.barshovi@tpsolution.ge

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები