მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

2021 წლის აღდგომის პერიოდთან შედარებით პასკა 15-20-%-ით გაძვირდა - მწარმოებლები

6255ac2f52893
ლიკა გურაბანიძე
13.04.22 00:00
1003
2021 წლის წინასააღდგომო პერიოდთან შედარებით, წელს პასკაზე ფასი 15-20-%-ით გაიზარდა. ბიზნესის განმარტებით, ეს იმპორტირებული ნედლეულის გაძვირებამ გამოიწვია. ისეთი იმპორტირებული ნედლეულის მაგალითად, როგორიცაა ფქვილი, შაქარი, კარაქი და ზეთი. გაძვირებულია შესაფუთ მასალებზე ფასებიც. კომპანიებში ამბობენ, რომ აღდგომის კვირაში ფასის მატება აღარ მოხდება და ამჟამინდელი ღირებულება საბოლოოა.

“სანდომის” გაყიდვების სამსახურის ხელმძღვანელი საბა მამალაძე აღნიშნავს, რომ პროდუქტი მათთანაც დაახლოებით 15-20%-ით გაძვირდა, თუ გასულ წელს წინასააღდგომოდ კომპანიაში ერთ ცალი პასკის ფასი 4.20 ლარი იყო, ახლა იგივე პროდუქტის ღირებულება 4.80 ლარია. მამალაძის თქმითვე, პასკაზე ფასის ზრდის მიუხედავად, გასულ წელთან შედარებით მოთხოვნა გაზრდილია.

“ნედლეული შაქარი და ფქვილი გაგვიძვირდა. როცა 1 ტომარა შაქარი დაახლოებით 120 ლარი ღირდა, დღეს მისი ფასი 150 ლარია, ხოლო ფქვილის ღირებულება 65-70 ლარი იყო, დღეს უკვე 80 ლარი და მეტია. შედეგად, ფასმა ჩვენს პროდუქციაზეც მოიმატა. ერთეული პასკის ფასი 3.50 ლარიდან 10 ლარამდე მერყეობს, ფასი ზომაზე და შემადგენლობაზეა დამოკიდებული. რაც შეეხება მოთხოვნას, გასულ წელთან შედარებით 150%-ით გვაქვს გაზრდილი. მოთხოვნის ზრდა გამოიწვია იმან, რომ გასულ წელს ადამიანებს საფლავზე გასვლის საშუალება არ ჰქონდათ, ხოლო წელს ეს ნებადართულია", - აღნიშნა საბა მამალაძემ.

გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, შაქარზე და ფქვილზე ფასების 20-25%-ით ზრდის გამო, პასკის 15%-ით კორექტირებულ ფასებზე “გურმეს” გაყიდვების მენეჯერი რუსუდან მუზაშვილიც საუბრობს. ის წელს 2021 წლისგან განსხვავებით პასკების გაყიდვებით მიღებული შემოსავლის მინიმუმ 40%-ით ზრდას ვარაუდობს. ფასების ზრდის მიუხედავად პასკებზე მოთხოვნა “გურმეშიც” 60%-ით  მომატებულია.

“საცალო მოთხოვნასთან ერთად, მოთხოვნა გაზრდილია კორპორატიული მიმართულებითაც. კომპანიები ონლაინ სამუშაო რეჟიმიდან ფიზიკური მუშაობის პრინციპს უბრუნდებიან, შედეგად კორპორატიული საჩუქრების გაკეთების ტრადიციაც ბრუნდება", - განმარტა მუზაშვილმა.

ქუთაისში მდებარე “ბეიქერი ჰანის" წარმომადგენელი, ქრისტინა შვეცი BMG-სთან განმარტავს, რომ იმპორტირებულ კარაქზე ფასი 100%-ით ზეთზე, ხოლო 25%-ით ფქვილზე გაეზარდათ, ხოლო რძე 40%-ით გაძვირდა, რაც ფასის მატებაზე აისახა და შესაბამისად, პროდუქცია 20%-ით გააძვირეს. პრობლემაა გაძვირებული შესაფუთი მასალები და საწვავის ფასის მატების გამო გაძვირებული მიტანის სერვისიც.

“შესაფუთი ყუთები ქუთაისში მხოლოდ ერთ ადგილზე იყიდება და მისმა ფასმა მოიმატა. საწვავის ფასი იმდენად გაზრდილია, რომ უფასო მიტანის სერვისის შენარჩუნება გვიჭირს, თუმცა 35 ლარის შენაძენს ზემოთ უფასო მიტანის სერვისი მაინც დავტოვეთ", - აღნიშნა “ბეიქერი ჰანის” პიარ მენეჯერმა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები