საკონდიტრო კომპანია „სანდომი“ დიაბეტურ ხაზზე იწყებს მუშაობას, - ამის შესახებ BM.GE-სთან კომპანიის მარკეტინგის და საზოგადოებასთან ურთიერთობის მენეჯერმა, თეკლა თალაკვაძემ განაცხადა.
მისი ინფორმაციით, კომპანია მუდმივად ასორტიმენტის გაფართოებას და ბაზარზე ახალი პროდუქტი შემოტანას ცდილობს. თუმცა, იქიდან გამომდინარე, რომ ბაზარი კონკურენტი კომპანიებითა და მომწოდებლებით არის გაჯერებული, მათთვის მნიშვნელოვან გამოწვევას წარმოადგენს.
„ჩვენთვის ძირითადად გამოწვევა არის ის, რომ სექტორში ტექნოლოგების პრობლემა გვაქვს. შესაბამისად, ყოველთვის გვიწევს ტექნოლოგების გადამზადება და ახალი რეცეპტების მოძიება როგორც ევროპელ, ასევე უკრაინელ პროფესიონალებთან. ვცდილობთ, რომ ასორტიმენტი გავაფართოოთ და მაქსიმალურად შევისწავლოთ, თუ რა არის მოთხოვნადი პროდუქტი.
წელს ასორტიმენტს ვაფართოებთ. ასევე გვინდა, რომ დიაბეტური ხაზიც ავამოქმედოთ. მართალია, ჯერ დიაბეტური ხაზის წარმოება არ დაწყებულა, თუმცა კონსულტაციებს გავდივართ. ეს ძალიან ხანგრძლივი პროცესია, შესაბამისად წელს თუ არა, მომავალ წელს დიაბეტური ხაზი აუცილებლად დაგვემატება“,-აცხადებს თალაკვაძე.
რაც შეეხება სააღდგომო პერიოდში არსებულ ტენდენციას, კომპანიის მარკეტინგისა და საზოგადოებასთან ურთიერთობის მენეჯერი აღნიშნავს, რომ იმის მიუხედავად, რომ ბაზარზე პასკის მრავალი არჩევანი არსებობს, მათ შორის ევროპული სტილის პასკები, მათ მიერ წარმოებულ ტრადიციულ პასკაზე მოთხოვნა ყოველწლიურად იზრდება.
„მომხმარებლის მოთხოვნას რასაც ვაკვირდებით, ისინი ტრადიციულ, უფრო სახლურ გემოებს ამჯობინებენ და ჩვენი პასკაც უფრო ტრადიციული და სახლური გემოსია.
ზოგადად პროდუქტის ფასს, ნედლეულის ფასი განაპირობებს, რადგან გარკვეულ პერიოდებში არასტაბილური ფასებია ხოლმე, თუმცა შარშანდელის შემდეგ, წელს გასული წლის ფასები შევინარჩუნეთ, ანუ არ მომხდარა პროდუქციაზე ღირებულების დაკორექტირება. ჩვენი პასკის საშუალო ფასი მარკეტებში 4 ლარიდან იწყება და მაქსიმალური ფასია, 14 ლარი“,- აღნიშნავს თეკლა თალაკვაძე.