მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

„ქართული წარმოებები იმპორტირებული ტკბილეულის ჩანაცვლებას ვიწყებთ“ – „სანდომი“

64181ca624a9c
თინათინ ნატმელაძე
20.03.23 13:00
1381
ტკბილეულის მწარმოებელი კომპანია „სანდომი“ იმპორტირებული პროდუქციის ჩანაცვლებაზე მუშაობს, - ამის შესახებ BM.GE-ის კომპანიის გაყიდვების მენეჯერმა, გიორგი ვასაძემ განუცხადა.

მისივე ცნობით, უკრაინაში რუსეთის შეჭრის შემდეგ ტკბილეულის იმპორტი შემცირდა, რამაც ადგილობრივ წარმოებაზე მოთხოვნა საგრძნობლად გაზარდა.

„იმპორტირებული საქონელი ჩვენი ყველაზე დიდი კონკურენტი იყო, აქედან გამომდინარე, ქართული წარმოებები მის ჩანაცვლებაზე აქტიურად მუშაობას ვიწყებთ.

ადგილობრივი მომხმარებელი იმპორტირებულ პროდუქტს სხვადასხვა მიზეზის გამო ირჩევდა - პირველ რიგში, თავად მარკეტებშიც, რომელთა მიზანიც მრავალფეროვანი პროდუქციის ჩვენებაა, იმპორტირებული საქონელი უფრო აქტიურად იყო წარმოდგენილი. ახლა კი, როცა იმპორტი შეფერხდა, ადგილობრივი სავაჭრო ქსელები იმპორტიორებს აღარ ენდობიან, რადგან მიწოდებაში ჩავარდნებია და ა.შ. აქედან გამომდინარე ადგილობრივ წარმოებებს მეტი ყურადღება მიაქციეს და უფრო აქტიურად წარმოაჩინეს.

მეორე მიზეზი საფასური იყო - იმპორტირებული პროდუქციის გარკვეული ნაწილი არ არის ისეთი ხარისხის, რომ საფასურიც შესაბამისი ჰქონდეს, ზოგიერთ მათგანის მწარმოებელი ბრენდი თავის ქვეყანაშიც კი არ არის ცნობილი, ამიტომ დაბალ საფასო სეგმენტს წარმოადგენს, ქართველი მომხმარებელი კი აქცენტს უმეტესად ფასზე აკეთებს და არა ხარისხზე“, - განაცხადა გიორგი ვასაძემ.

„სანდომის“ გაყიდვების მენეჯერი ასევე აღნიშნავს, რომ კომპანიამ ისეთი ტკბილეულის წარმოება დაიწყო, რომელიც აქამდე საქართველოში ან მცირე რაოდენობა იწარმოებოდა ან საერთოდ არ იყო.

„წინა პერიოდთან შედარებით ჩვენს პროდუქციაზე მოთხოვნა მინიმუმ 10-15%-ითაა გაზრდილი და ჩვენ გავაანალიზეთ, რომ თუ გვინდა ეს ტენდენცია შენარჩუნდეს, ასორტიმენტიც უნდა გავაფართოოთ - არსებობს კონკრეტული სახეობები, რომელიც საქართველოში მხოლოდ იმპორტირებული იყიდებოდა, ჩვენ ან საერთოდ არ ვაწარმოებდით, ან მცირე რაოდენობა გვქონდა, რადგან დიდ ყურადღებას არ ვაქცევდით, ახლა კი, როცა იმპორტი შემცირდა, აღმოჩნდა, რომ ამ სახეობებზე დიდი მოთხოვნაა და ჩვენც ამ მიმართულებით განვითარება გადავწყვიტეთ“, - განმარტავს გიორგი ვასაძე.

რაც შეეხება კომპანიაში არსებულ გამოწვევებს, გაყიდვების მენეჯერი გვიყვება, რომ „სანდომში“ კადრების გადინება შეინიშნება, რაც დისტრიბუციის პროცესში ერთგვარ ჩავარდნებს იწვევს.

გიორგი ვასაძე კომპანიის საფასო პოლიტიკაზეც საუბრობს და ამბობს, რომ ბოლო პერიოდში ნედლეულის საფასურის კლება შეინიშნება, რის გამოც შესაძლოა, მათი პროდუქციის ფასიც შემცირდეს, თუმცა ამ ეტაპზე გარკვევის პროცესში არიან.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები