„6 თვეა წარმოება დავხურეთ, სხვა გზა არ გვქონდა“ - რა პრობლემები შეექმნა ნოზაძის მეფრინველეობას?
ვიქტორია მღებრიშვილი
25.07.23 19:10
• 11000
ქათმის ხორცპროდუქტების ადგილობრივმა მწარმოებელმა „ნოზაძის მეფრინველეობამ“ მუშაობა 6 თვის წინ შეაჩერა. მეურნეობის ხელმძღვანელი მამუკა ნოზაძე BM.GE-სთან ამბობს, რომ სხვა გზა არ ჰქონდათ. ამასთან, მან ის პრობლემები დაასახელა, რომლებმაც მეფრინველეობის ფერმის ხელმძღვანელობა ამ გადაწყვეტილებამდე მიიყვანა. მათ შორისაა ლარის კურსი, მაღალი კომუნალური გადასახადები და ხელისუფლების დამოკიდებულება ადგილობრივი წარმოების მიმართ.
ნოზაძის თქმით, მუხრანში 11 ჰა-ზე განთავსებული მეფრინველეობა 76 სამუშაო ადგილს ქმნიდა და წლიურად 600 ტონა ქათმის ხორცს აწარმოებდა, რომელიც სრულად ადგილობრივ ბაზარზე იყიდებოდა. პანდემიის დროს და მისი დასრულების შემდეგ შექმნილმა ვითარებამ კი მეურნეობის დახურვა გადააწყვეტინა.
„6 თვეა წარმოება დავხურეთ. სხვა გზა არ იყო. ამ გადაწყვეტილების მიღება რამდენიმე ფაქტორმა განაპირობა. პირველი ეს იყოს ლარის ცვალებადი კურსი, რომელმაც საბრუნავი სახსრები სრულად ამოგვიწურა, რადგან იმ პერიოდში ნედლეულის ყიდვა გვიწევდა, რასაც პროდუქციის ღირებულება ვერ უზრუნველყოფდა. მეორე მიზეზი ის იყო, რომ მეფრინველეობაში დღგ უნდა მოეხსნათ. 10 წელია კაბინეტიდან კაბინეტში დავდიოდით ამ მოთხოვნით, რათა თანაბარ პირობებში ვყოფილიყავით სოფლის მეურნეობის სხვა წარმომადგენლებთან. წვრილი მეწარმეები დღგ-ს არ იხდიან, საბოლოოდ კი ჩვენ ყველა ერთ ბაზარზე ვხვდებით და წარმოება იძულებული იყო დღგ-ს დამატებით გაგვეყიდა პროდუქცია, ხოლო არალეგალური მეწარმე დაბალ ფასად ყიდდა, რადგან დღგ-ს გადახდა არ უწევდა და ვეღარ ვუწევდით კონკურენციას. მესამე და ძირითადი საკითხი - ადგილობრივი წარმოების მიმართ სახელმწიფოს დამოკიდებულება იყო. პანდემია და ლოკდაუნები რომ დაიწყო, პრემიერს წერილი მივწერე, რომ შეღავათები გაეკეთებინათ, თუმცა მათ ბანკის გზა მასწავლეს... იძულებული ვიყავი კრედიტი ამეღო. პანდემიის დასრულების შემდეგ კი იმის მაგივრად, რომ ჩემნაირი მეწარმეებისთვის მადლობა გადაეხადათ, შემოსავლების სამსახური გამოუშვეს და ჯარიმა გამომიწერეს, თუმცა არაფერი არ მქონდა დარღვეული.
მეოთხე ფაქტორი ბიზნესისთვის კომუნალური გადასახადების გაზრდა იყო. მსოფლიოს არცერთ ქვეყანაში არ ღირს თხევადი გაზი ბუნებრივზე იაფი. გაზის საფასური 1.38 ლარი გახდა, რაც წარმოებას მძიმე ტვირთად დააწვა, საუბარი აღარ მაქვს ელექტროენერგიის გადასახადზე. საბოლოოდ იძულებული გავხდი დამეხურა წარმოება“, - განმარტავს მამუკა ნოზაძე და დასძენს, რომ წლის განმავლობაში მეურნეობა მცირე პერიოდის განმავლობაში მოგებას ნახულობდა, თუმცა ძირითადად ზარალზე გადიოდა, რისი დაბალანსება პანდემიის შემდეგ განსაკუთრებით რთული აღმოჩნდა.
მამუკა ნოზაძე ამბობს, რომ მეფრინველეობის ამოქმედებას იქამდე არ აპირებს, სანამ მეფრინველეობის დარგში მდგომარეობა არ გამოსწორდება. ის მიიჩნევს, რომ ხელისუფლებამ ადგილობრივი წარმოება უნდა წაახალისოს, რაც იმპორტის შემცირებას და ქვეყანაში ბიზნესის წარმოებას შეუწყობს ხელს.