მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

2021 წლის მაისის შემოსავლები 2019 წლის მაისის შემოსავლებს გაუთანაბრდა - Lopota Lake Resort & Spa

60c3308c99e09
BM.GE
11.06.21 13:28
780
ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ინფორმაციით, პანდემიის გამო დაწესებული რეგულაციების შემსუბუქების ფონზე ქვეყანაში საერთაშორისო ვიზიტორების შემოდინება დაიწყო. სასტუმრო ბიზნესი ამ მხრივ გარკვეულ გათვლას ზაფხულის ტურისტულ სეზონზე აკეთებს, მით უმეტეს, რომ საჰაერო მიმოსვლის აღდგენასთან ერთად ქვეყანამ სახმელეთო საზღვრებიც გახსნა. 

ოფიციალური უწყება აქვეყნებს კახეთში მდებარე Lopota Lake Resort & Spa-ს მოლოდინების შესახებ სტატიას. 

მათი თქმით, Lopota Lake Resort & Spa-ში აცხადებენ, რომ მიუხედავად იმისა, რომ პანდემიამ ტურისტების ქცევები შეცვალა, შემოსავლების კუთხით 2021 წლის მაისში 2019 წლის მაისის შედეგები უკვე დაიდო.

"გრძელვადიანი ჯავშნები არ შემოდის, მაინც აქცენტი კეთდება მიმდინარე თვეზე და არა მომავალ თვეებზე. მაისში ძირითადად მაისი იჯავშნებოდა, ივნისში კი ივნისი იჯავშნება. რაც შეეხება ივლისს ჯერჯერობით ცოტა ჯავშანია. თუმცა მას შემდეგ, რაც საზღვრები გაიხსნა, ავიამომოსვლა განახლდა და სიხშირეები დაემატა, საერთაშორისო ტურიზმი რაღაც დონეზე აღდგა, რაც 2019 წლის მაისში იყო. მაისში ამ მიმართულებით აქტიური იყო რუსეთი და უკრაინა, ხოლო ივნისიდან უკვე გააქტიურებულია არაბული ბაზარი.

ქცევა შეცვლილია, პანდემიიდან გამომდინარე, რადგან წინასწარ დასვენების გათვლა ვერ ხდება. თავად ჯავშნის წინასწარი გაკეთების პერიოდი შემცირებულია და შესაძლოა ჯავშანი გააკეთონ წინა დღეს, ან ორი დღით ადრე. თუმცა იმასაც აღვნიშნავ, რომ ასეთი ქცევა არაბულ და ქართულ ბაზარს ადრეც ახასიათებდა - მოკლე-მოკლე პერიოდში ჯავშნები.

ეს ორი ბაზარი - ჩვენი შიდა ბაზარი და არაბული ბაზარი წინა წლებშიც ანალოგიური ქცევით გამოირჩეოდა. ახლა გვაქვს Last day Booking-ები იმ მიმართულებით, რომ მაგალითად თბილისშია უკვე ჩამოსული ადამიანი სხვადასხვა ქვეყნიდან და თბილისიდან ჯავშნის უკვე ლოპოტას. ანუ რეზორტის სპეციფიკა ისიცაა, რომ შეიძლება თბილისში ჩამოსულმა სტუმარმაც გადაწყვიტოს მისი დაჯავშნა და ამიტომაც წინასწარ არაა ბევრი ჯავშანი", - ამბობს Lopota Lake Resort & Spa-ს გენერალური მენეჯერი მაკა ღლიღვაშვილი. 

როგორც Lopota Lake Resort & Spa-ში განმარტავენ, მათი მთავარი სტუმრები მაღალშემოსავლიანი სეგმენტია, რომელიც ქვეყანაში ძირითადად საჰაერო გზით შემოდის.

"სახმელეთო საზღვრის გახსნის შემდეგ ჩვენი კუთხით რაიმე შედეგი ჯერ არ დაგვინახავს. იმ ბაზრებიდან, საიდანაც ჩვენთან ტურისტები დადიან, სახმელეთო საზღვრებს ნაკლებად იყენებენ. მაღალი შემოსავლიანი სეგმენტი ძირითადად დაფრინავს. უფრო აეროპორტის მგზავრები არიან ჩვენი სტუმრები. ცხადია, ჩვენთვის სახმელეთო გზით შემოსული ვიზიტორიც მნიშვნელოვანია, რადგანაც თბილისში ჩამოსულმა შესაძლოა, გადაწყვეტილება მიიღოს და რეზორტი დაჯავშნოს. რაც შეეხება პროგნოზებს, მოლოდინი გაქვს, რომ კარგი სეზონი უნდა იყოს. უკვე ეტყობა რეალურად. მარტივად რომ გითხრათ, 2021 წლის მაისის შემოსავლები 2019 წლის მაისის შემოსავლებზე ავიდა. თუმცა ივნისი-ივლისი-აგვისტო იქედან გამომდინარე, რომ ძალიან მაღალი სეზონია იმის მოლოდინი არ გაქვს, რომ 2019 წლის შედეგებს დავდებთ, მაგრამ 70%-იან ნიშნულს რომ მივაღწევთ, ამის გათვლები გვაქვს", - აცხადებს Lopota Lake Resort & Spa-ს გენერალური მენეჯერი მაკა ღლიღვაშვილი.

(R)

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები