საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული დოკუმენტის მიხედვით, ბიზნესზე სესხებში უმოქმედო სესხების წილი შემცირებულია. შესაბამისად, საბანკო სისტემაში საკრედიტო რისკებიც მცირდება.
“2021 წლის მეორე კვარტალში, წინა კვარტალთან შედარებით, უმოქმედო სესხების წილი ჯამურად ბიზნეს სესხებში, 7%-მდე, შემცირდა, რაც პორტფელის ზრდასა და ზოგიერთი კომპანიის ფინანსური მდგომარეობის გაუმჯობესებას უკავშირდება.
ვალუტების ჭრილში, მნიშვნელოვანია აღინიშნოს, რომ უმოქმედო სესხების წილი ეროვნული ვალუტით გაცემულ ბიზნეს სესხებში მცირედით, 5%-მდე, შემცირდა. ევროთი გაცემულ ბიზნეს სესხებში უმოქმედო სესხების წილი ასევე მცირედით, 6%-მდე, შემცირდა, ხოლო აშშ დოლარით გაცემულ სესხებში უმოქმედო სესხების წილი 2 პპ-ით შემცირდა და 11% შეადგინა. საკრედიტო პირობების კვლევის მიხედვით, საბანკო სექტორის წარმომადგენლები მომდევნო კვარტალში უმოქმედო სესხების წილის მცირედით შემცირებას მოელიან.
საგულისხმოა, რომ სესხების მომსახურებაზე ამოქმედებული საშეღავათო პერიოდის გამო მოცემულ პერიოდში პანდემიის შედეგი სესხების ხარისხზე ჯერ სრულად არ ასახულა. ამ დროისთვის, ეროვნული ბანკის ხელთ არსებულ მონაცემებზე დაყრდნობით, კორპორატიული სესხების პორტფელის 14%, ხოლო მცირე და საშუალო ბიზნესის პორტფელის 8% სარგებლობს სესხის მომსახურეობის საშეღავათო პერიოდით. გარდა ამისა, მნიშვნელოვანია აღინიშნოს რესტრუქტურიზებული სესხების წილის მცირედით შემცირებაც. კერძოდ, ეროვნული ბანკის ხელთ არსებულ მონაცემებზე დაყრდნობით, 2021 წლის მეორე კვარტალში, წინა კვარტალთან შედარებით, რესტრუქტურიზებული სესხების წილი ბიზნესს სესხებში მცირედით, 21%-მდე, შემცირდა, თუმცა 2020 წლის ივნისთან შედარებით რესტრუქტურიზებული სესხების წილი მნიშვნელოვნად გაზრდილია,”- ნათქვამია ეროვნული ბანკის ანგარიშში.




























