რუსულმა ენერგოგიგანტმა - “გაზპრომი” - 2022 წელს ჩრდილოეთის ზღვის გაზის საბადოდან 45 მილიონი ევრო გამოიმუშავა - ამის შესახებ BBC კომპანიის ანგარიშზე დაყრდნობით წერს.
“გაზპრომი” გაზს “სილიმანიტის საბადოდან", რომელიც დიდი ბრიტანეთისა და ჰოლანდიის წყლებში მდებარეობს, 2020 წლიდან მოიპოვებს. ბრიტანელი პოლიტიკოსები კი ამ პროცესს უარყოფითად აფასებენ.
“ლიბერალ-დემოკრატების” ლიდერმა, ედ დეივიმ განაცხადა, რომ ბრიტანეთის ტერიტორიაზე მოპოვებული გაზის გაყიდვებით პუტინის არალეგალური ომის დაფინანსება მიუღებელია. გაერთიანებული სამეფოს მთავრობა კი გეგმავს, რომ რუსეთისთვის ეკონომიკური წნეხი კიდევ უფრო გაზარდოს.
“სილიმანიტის საბადო” ჰოლანდიის სანაპიროდან 200 კილომეტრის დაშორებით მდებარეობს და ის რუსული “გაზპრომისა” და გერმანული “ვინთერშელის” საერთო მმართველობაშია. საბადოში მოპოვებული ბუნებრივი აირი კი ნიდერლანდებში ხვდება.
მსგავსი ტიპის ოპერაციები არალეგალურად არ ითვლება, თუმცა გაერთიანებული სამეფო, აშშ და ევროკავშირი კვლავ ცდილობენ შეიმუშაონ ეკონომიკური სანქციები, რომლებიც რუსეთს გაზის ექსპორტით მიღებულ შემოსავალს შეუმცირებს, რაც უკრაინაში ომის გასაგრძელებლად საჭირო ფინანსებსაც შეამცირებს.
მართალია, “გაზპრომი” ბრიტანეთის მიერ სანქცირებულ კომპანიათა სიაში არ გვხვდება, თუმცა მისი აღმასრულებელი დირექტორი ალექსეი მილერი და სხვა წამყვანი პირები ბრიტანულ ხელისუფლებას დასანქცირებულ პირთა სიაში ჰყავს შეყვანილი. შესაბამისად, “გაზპრომი” ევროპის მასშტაბით გაყვანილი მილსადენებით გაზის ტრანსპორტირებას კვლავ განაგრძობს, თუმცა ომის შემდეგ მისი მოცულობა მნიშვნელოვნადაა შემცირებული.
კომპანიის ანგარიში აჩვენებს, რომ “Gazprom International UK”-მ, რუსული ენერგოკომპანიის შვილობილმა, 2022 წელს 45 მილიონი ევროს მოგება ნახა (სახელმწიფო გადასახადებამდე), საიდანაც 41 მილიონი ევროს დივიდენდი “Gazprom International Projects BV”-ს, ანუ კომპანიის ჰოლანდიელ მფლობელს გადაუხადა, რომლის საბოლოო მფლობელიც მოსკოვში დაფუძნებული “გაზპრომია”.
“გაზპრომი” რუსეთის გადასახადების უმსხვილესი გადამხდელი კომპანიაა, რომელიც რუსულ მთავრობას $80 მილიარდს უხდის. კომპანიას ასევე ჰყავს საკუთარი მილიცია დაკომპლექტებული, რომელსაც უკრაინასთან ფრონტის ხაზზე საბრძოლველად იყენებს.