2022 წელს საქართველოში მომსახურების ექსპორტმა 5 მილიარდ 703 მილიონი დოლარი შეადგინა, რაც 2021 წელთან შედარებით 123.9%-ით მეტია.
საქსტატის მიერ დღეს გამოქვეყნებული მომსახურებით ვაჭრობის 2022 წლის შედეგების მიხედვით, გასული წლის განმავლობაში იმპორტი - 3 მილიარდ 029 მილიონ დოლარს გაუტოლდა, რაც 66.2%-ით აღემატება წინა წლის შესაბამის მაჩვენებელს. 2022 წელს დადებითმა სავაჭრო ბალანსმა 2 მილიარდ 674 მილიონი დოლარი შეადგინა, რაც თითქმის 2021 წლის სავაჭრო ბალანსზე 4-ჯერ მეტია.
მომსახურების სახეობების მიხედვით, 2022 წელს ექსპორტში პირველი ადგილი 61.7%-ით მოგზაურობამ დაიკავა. TOP-10 მომსახურების რეიტინგი კი რომელიც ექსპორტზე გავიდა, ასეთია:
- მოგზაურობა (საქმიანი და პირადი) – 3.5 მლრდ დოლარი, ზრდა 182.5%;
- სატრანსპორტო მომსახურება - 1.2 მლრდ დოლარი, ზრდა - 46.1%;
- სატელეკომუნიკაციო კომპიუტერული და საინფორმაციო მომსახურება - 597 მლნ დოლარი, ზრდა - 176.7%;
- სხვა საქმიანი მომსახურება - 147 მლნ დოლარი, ზრდა - 48.4%;
- სამთავრობო მომსახურება - 86.4 მლნ დოლარი, ზრდა - 4.5%;
- ფინანსური მომსახურება - 83.5 მლნ დოლარი, ზრდა - 281.1%;
- პერსონალური კულტურული და რეკრეაციული მომსახურება - 35.8 მლნ დოლარი, ზრდა - 54.6%;
- სადაზღვევო მომსახურება - 19.4 მლნ დოლარი, ზრდა - 47.2%;
- ინტელექტუალური საკუთრებით სარგებლობის ხარჯები - 7.3 მლნ დოლარი, ზრდა - 20.1%;
- მანუფაქტურული მომსახურება - 4.5 მლნ დოლარი, კლება - 42.3%.
2022 წელს ათი უმსხვილესი საექსპორტო ქვეყნის წილმა საქართველოს მთლიანი მომსახურების ექსპორტში 65.6% შეადგინა. უმსხვილესი საექსპორტო ქვეყნებია: რუსეთი (981.2 მლნ. აშშ დოლარი), თურქეთი (688.5 მლნ. აშშ დოლარი) და უკრაინა (327.9 მლნ. აშშ დოლარი).
გასულ წელს მომსახურების იმპორტში უმსხვილესი მომსახურება სატრანსპორტო მომსახურების სახითაა წარმოდგენილი, რომლის იმპორტმა 1 მილიარდ 892 მილიონი დოლარი და მთელი იმპორტის 62.5% შეადგინა. მეორე ადგილს მოგზაურობა 408 მილიონი დოლარით (იმპორტის 13.5%) იკავებს, ხოლო მესამე ადგილზეა სხვა საქმიანი მომსახურებაა 200 მლნ დოლარით (იმპორტის 6.6%).
2022 წელს ათი უმსხვილესი საიმპორტო პარტნიორი ქვეყნის წილმა საქართველოს მთლიანი მომსახურების იმპორტში 52.8% შეადგინა. უმსხვილესი საიმპორტო ქვეყნებია: თურქეთი (482 მლნ დოლარი), ჩინეთი (204.9 მლნ დოლარი) და აზერბაიჯანი (204.8 მლნ დოლარი).