საქართველო თხილის ერთ-ერთი მთავარი ექსპორტიორია და თხილის გლობალური ბაზრის 6.7%-იანი წილი უჭირავს. 2022 წელს ქვეყნიდან 22 ათასი ტონა თხილი გავიდა, რაც 2021 წლის ანალოგიურ მაჩვენებელთან შედარებით მცირედით, 6.5%-ით ნაკლებია - ქართული თხილის ექსპორტის ტენდენციებზე პუბლიკაციას PMC კვლევითი ცენტრი აქვეყნებს.
ექსპორტის ძირითადი წილი გარჩეულ თხილზე მოდის, თუმცა იზრდება ნაჭუჭიანი თხილის წილიც. 2022 წელს საზღვარგარეთ გასული თხილის სრულ მოცულობაში 73.7% გარჩეულ თხილზე მოდიოდა, რაც 2016 წლის 93.8%-იან მაჩვენებელთან შედარებით მკვეთრადაა შემცირებული. შესაბამისად, ნაჭუჭიანი თხილის ექსპორტის ტენდენცია მზარდია - თუ 2016 წელს მათი წილი მხოლოდ 6.2% იყო, ის 2022 წელს 26.3%-მდე გაიზარდა. PMC-ის ცნობით, ეს დაბალხარისხიანი ნაჭუჭიანი თხილის გაყიდვის ხელსაყრელობასთანაა დაკავშირებული.
2022 წელს საქართველოდან $96.7 მილიონის ღირებულების თხილი გავიდა, რითაც 2021 წლის ანალოგიურ მონაცემს ($115.2 მლნ) 16 პროცენტული პუნქტით ჩამორჩება.
2016-იდან 2022 წლამდე ექსპორტზე გასული ქართული თხილის ღირებულებამ პიკს 2016 წელს, $179.4 მილიონით მიაღწია, რასაც 2019 წლამდე შემცირების ტენდენცია მოყვა. 2019-21 წლებში კი მცირედი ზრდა ფიქსირდებოდა, თუმცა 2016 წლის შედეგებს კვლავ მკვეთრად ჩამორჩებოდა.
რაც შეეხება საექსპორტო ბაზრებს, ქართული თხილის მთავარი ნაწილი ევროპაში გადის.
ქვეყანათა განაწილება საექსპორტო წილის მიხედვით ასე გამოიყურება:
- იტალია - 37.4%
- გერმანია - 20.8%
- სომხეთი - 7.8%
- ესპანეთი - 4.6%
- საფრანგეთი - 3.2%
გარჩეული თხილის მთავარი იმპორტიორი 27.4%-იანი წილით გერმანიაა, ნაჭუჭიანი თხილის 88% კი იტალიაში გადის, რაც ქართულ ბაზართან შოკოლადის მწარმოებელ Ferrero Rocher-თან კავშირით აიხსნება.
2022 წელს 1 კგ გარჩეული თხილის ღირებულება 5 აშშ დოლარი იყო, ნაჭუჭიანი თხილის კი 2.8 აშშ დოლარი - ორივე მაჩვენებელი გლობალურ საშუალოს ჩამორჩება, რაც გარჩეული თხილის შემთხვევაში $5.8, გაურჩეველის შემთხვევაში კი - $3.4-ია.