გასულ წელს საქართველოში მომსახურების ექსპორტმა 123.9%-ით 5 მილიარდ 703 მილიონი დოლარამდე გაიზარდა.
საქსტატის მიერ გამოქვეყნებული მომსახურებით ვაჭრობის 2022 წლის შედეგების მიხედვით, ექსპორტში პირველი ადგილი 3 მილიარდ 516 მილიონი დოლარით მოგზაურობამ დაიკავა, რაც მომსახურების მთლიანი ექსპორტის 61.7%-ს შეადგენს. მეორე ადგილს სატრანსპორტო მომსახურება 1 მილიარდ 201 მილიონი დოლარით (მთლიანი ექსპორტის 21.1%) იკავებს, ხოლო მესამე ადგილზე 597.2 მლნ დოლარით (შესაბამისად 10.5%) სატელეკომუნიკაციო, კომპიუტერული და საინფორმაციო მომსახურებაა. საექსპორტო ათეულში შედის ისეთი მომსახურებებიც, როგორიცაა სამთავრობო და ფინანსური მომსახურება, კულტურული და რეკრეაციული, სადაზღვევო და მანუფაქტურული და სხვა.
მნიშვნელოვანია, რომ გასული წლის განმავლობაში მომსახურების საექსპორტო მიმართულებებს შორის ათი უმსხვილესი საექსპორტო ქვეყნის წილმა საქართველოს მთლიანი მომსახურების ექსპორტში 65.6% შეადგინა. პირველი საექსპორტო ქვეყანა კი რუსეთი იყო, სადაც ექსპორტის ზრდა ყველაზე მაღალი იყო. რეგიონის ქვეყნების გარდა ათეულში ვხვდებით ასევე აშშ-სა და საუდის არაბეთს.
მომსახურების უმსხვილესი საექსპორტო ქვეყნების TOP-10-ეული ასე გამოიყურება:
- რუსეთი - 981 მლნ დოლარი, ზრდა - 419%;
- თურქეთი - 688 მლნ დოლარი, ზრდა - 88.4%;
- უკრაინა - 327 მლნ დოლარი, ზრდა - 58.6%;
- ისრაელი - 318 მლნ დოლარი, ზრდა - 119.8%;
- აზერბაიჯანი - 306 მლნ დოლარი, ზრდა - 26.5%;
- ბელარუსი - 266 მლნ დოლარი, ზრდა - 245.8%;
- სომხეთი - 257.5 მლნ დოლარი, ზრდა - 265.9%;
- აშშ - 243 მლნ დოლარი, ზრდა - 204.8%;
- საუდის არაბეთი - 177.8 მლნ დოლარი, ზრდა - 110.7%;
- ყაზახეთი - 176.8 მლნ დოლარი, ზრდა - 88.5%.