მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

2022 წელს საგზაო ინფრასტრუქტურულ პროექტებზე ₾3.080 მლრდ დაიხარჯა - რა გაკეთდა?

მინისტრის საათი

პარლამენტში მინისტრის საათის ფორმატში რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრს უსმენენ. ირაკლი ქარსელაძე კანონმდებლებს 2022 წლის ანგარიშს აბარებს. მინისტრის განცხადებით, სამინისტრომ ინფრასტრუქტურულ პროექტებში 3 მილიარდ 080 მილიონი ლარი დახარჯა, რაც გასული წლის მაჩვენებელზე 588 მილიონი ლარით მეტია. ირაკლი ქარსელაძის თქმით, მაგისტრალური გზების მშენებლობა და საგზაო ინფრასტრუქტურის განვითარება სამინისტროს საქმიანობის ერთ-ერთ მნიშვნელოვან მიმართულებად რჩება.

ირაკლი ქარსელაძემ ხაზი გაუსვა, რომ დეცენტრალიზაციის 5 წლიანი სტრატეგიის ფარგლებში, სამოქმედო გეგმით 2022 წლისთვის გათვალისწინებული ყველა აქტივობა და ინდიკატორი სრულად იქნა შესრულებული. მინისტრმა განაცხადა, რომ მაგისტრალური გზების მშენებლობა და საგზაო ინფრასტრუქტურის განვითარება სამინისტროს საქმიანობის ერთ-ერთ მნიშვნელოვან მიმართულებად რჩება, რისთვისაც 2022 წელს მიმდინარეობდა 7,4 მილიარდამდე ლარის 287 პროექტი, საიდანაც 120 დასრულდა.

"2022 წელს სამშენებლო სამუშაოები მიმდინარეობდა მაგისტრალური გზის 192 კმ-ზე. მათ შორის, აღმოსავლეთ-დასავლეთის, კახეთის და სამხრეთ-ჩრდილოეთის მიმართულებებზე, რომლის ფარგლებშიც, ავტოტრანსპორტის მოძრაობა გაიხსნა სამტრედია - ქობულეთის 15 კმ-იან მონაკვეთზე, ხოლო შაბათს, ავტოტრანსპორტის მოძრაობა გაიხსნა რიკოთის მაგისტრალური გზის 27 კმ-იან მონაკვეთზე. შუა დერეფანში ამ გზის გახსნა და სხვა მიმდინარე პროექტების განხორციელება მნიშვნელოვანია შემდგომი მიმზიდველობის გაზრდისა და პოტენციალის სრული გამოყენებისთვის. პროექტირებაზე ჩართული იყო 140 სპეციალისტი და ექსპერტი, ამერიკიდან, იტალიიდან, თურქეთიდან და სხვა ქვეყნებიდან. ზედამხედველობის პროცესში 147 ექსპერტი და სპეციალისტი იყო ჩართული. მთლიანად რიკოთის გზა 2024 წელს დასრულდება და ამ გზის გავლას 30-35 წუთში შევძლებთ. გრძელდება აღმოსავლეთ-დასავლეთის საერთაშორისო მაგისტრალის 108 კმ-ის მშენებლობა (ოსიაური - ჩუმათელეთი, ჩუმათელეთი - ხევი, ხევი - უბისა, უბისა-შორაპანი, შორაპანი - არგვეთა, სამტრედია - გრიგოლეთი, გრიგოლეთი - ქობულეთი, ბათუმის შემოვლითი), რომლის ძირითადი მონაკვეთების დასრულება 2024 წლის ბოლომდეა დაგეგმილი”, - განაცხადა ირაკლი ქარსელაძემ.

სამინისტროს ანგარიშში აღნიშნულია, რომ ინფრასტრუქტურული პროექტების განვითარების ფარგლებში, თბილისი-საგარეჯოს 35-ე კმ-იან ჩქაროსნულ მაგისტრალზე, 2023 წელს პირველი 4-ზოლიანი მონაკვეთის დასრულებაა დაგეგმილი.

"2022 წელს აქტიურად მიმდინარეობდა სამუშაოები კახეთის საგზაო ინფრასტრუქტურის განვითარებისთვის. შედეგად, თბილისი-საგარეჯოს 35 კმ-იან ჩქაროსნულ მაგისტრალზე, 2023 წელს პირველი 4 კმ-იანი მონაკვეთის დასრულებაა დაგეგმილი. 2023 წელს დაიწყო საგარეჯო-ბადიაურის 17 კმ-იანი მონაკვეთის მშენებლობაც. 2 საგზაო ინფრასტრუქტურის რეაბილიტაციისა და პერიოდული შეკეთების სამუშაოები მიმდინარეობდა 912 კმ. გზაზე. აქედან, სამუშაოები დასრულდა 570 კმ-ზე. 2023 წელს მიმდინარეობს 1 022 კმ გზის რეაბილიტაცია და პერიოდული შეკეთება. 2022 წელს დასრულდა 38 ხიდის რეაბილიტაცია-მშენებლობა, 14 სტიქიის ლიკვიდაცია - პრევენციის და 23 ნაპირსამაგრის მოწყობის პროექტი. დასრულებული ნაპირსამაგრი პროექტების საერთო სიგრძე 11 კმ-ია. საერთო ჯამში, 2022 წელს ნაპირსამაგრი სამუშაოები მიმდინარეობდა 16.5 კმ-ზე. 2022 წელს გაგრძელდა რეგიონების დამაკავშირებელი საგზაო ინფრასტრუქტურული პროექტები, მათ შორის, ბაღდათი-აბასთუმნის, ხულო-ზარზმის, ლენტეხი-მესტიის გზების რეაბილიტაცია - მშენებლობა. 2022 წელს საქართველოსა და სომხეთის რესპუბლიკის სახელმწიფო საზღვრის სადახლო - ბაგრატაშენის გამშვებ პუნქტებზე, მდინარე დებედაზე, ახალი 4 ზოლიანი, 160 მეტრი სიგრძის, ე.წ. წოდებული მეგობრობის ხიდის მშენებლობა დასრულდა. დაგეგმილი პროექტების განხორციელების შედეგად, 2022 წელს საავტომობილო გზების დეპარტამენტმა სახელმწიფო ბიუჯეტი 105%-ით შეასრულა, რომლის ფაქტობრივმა შესრულებამ 1 მილიარდ 955 მილიონი შეადგინა”, - განაცხადა მინისტრმა.

ირაკლი ქარსელაძე პლენარულ სხდომაზე, “მინისტრის საათის“ ფორმატშია მიწვეული, სადაც უწყების მუშაობის ანგარიშს წარადგენს და დეპუტატების კითხვებს უპასუხებს. რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი რამდენიმე დღის წინ პარლამენტის დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის სხდომაზე იმყოფებოდა, სადაც კომიტეტის წევრებს რიკოთის მაგისტრალთან დაკავშირებით მიაწოდა ინფორმაცია.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები