2022 წელს საქართველოში სასტუმროს ბიზნესით 2162 ეკონომიკური სუბიექტი იყო დაკავებული.
ისინი ჯამში 2 213 სასტუმროსა და სასტუმროს ტიპის დაწესებულებას ფლობდნენ. საქსტატის ინფორმაციითვე, 2021 წელთან შედარებით სასტუმროების რიცხვი 24.6%-ით არის გაზრდილი.
სასტუმროების და სასტუმროს ტიპის დაწესებულებების 99.7% კერძო საკუთრებაში იყო და მხოლოდ 0.3% - სახელმწიფო საკუთრებაში. გასულ წელს მოქმედ სასტუმროებსა და სასტუმროს ტიპის დაწესებულებებში ოთახების ჯამურმა რაოდენობამ თითქმის 98 ათასი შეადგინა, რაც წლიურად 11%-ით გაზრდილი მაჩვენებელია.
2022 წელს საქართველოს სასტუმროები და სასტუმროს ტიპის დაწესებულებები 4.9 მილიონ სტუმარს მოემსახურა, რაც 62%-ით მეტია წინა წლის შესაბამის მაჩვენებელზე. სტუმართა 60.5%-ს უცხო ქვეყნის მოქალაქეები იყვნენ. მათგან უმეტესობა, 489 ათასი (16%), ისრაელის მოქალაქე იყო, რაც 2021 წლის შესაბამის მაჩვენებელზე 4.3-ჯერ მეტია. ევროკავშირის ქვეყნებიდან შემოსულები უცხოელი სტუმრების 6.2% შეადგენდნენ, რომელთა უმეტესობა გერმანიისა (29.4%) და პოლონეთის (28%) მოქალაქეები იყვნენ.
2022 წელს საქართველოს სასტუმროებსა და სასტუმროს ტიპის დაწესებულებებში დასაქმებული იყო 23 259 ადამიანი, წინა წელთან შედარებით დასაქმებულთა რიცხვი 27%-ით არის გაზრდილი.