გასულ წელს საქართველომ მსხვილფეხა რქოსანი პირუტყვის ექსპორტით 60 მლნ დოლარამდე შემოსავალი მიიღო. ოფიციალური სტატისტიკის მიხედვით, 2022 წელს ჯამში სხვადასხვა ქვეყანაში 22 488 ტონა ცოცხალი მსხვილფეხა რქოსანი პირუტყვი გაიყიდა. იმპორტის ღირებულება 2021 წელთან შედარებით 42.8%-ით, ხოლო რაოდენობა 58.3%-ით გაიზარდა.
აღსანიშნია, რომ 2023 წლის დასაწყისში საქართველოდან ექსპორტზე 2 მილიონ 176 ათასი დოლარის ღირებულების 962 ტონა რქოსანი პირუტყვი გავიდა. ზრდა - 25.2%-ია.
საქართველოდან ყველაზე დიდი რაოდენობით რქოსანი პირუტყვი ერაყში გაიყიდა. ამ ბაზარზე ექსპორტის ნახევარზე მეტი მოდის.
2022 წელს საექსპორტო ქვეყნების რეიტინგი:
1. ერაყი - 31.5 მლნ დოლარი, 13 240 ტონა;
2. აზერბაიჯანი - 22.9 მლნ დოლარი, 7 698 ტონა;
3. იორდანია - 1.9 მლნ დოლარი, 716 ტონა;
4. ეგვიპტე - 688 ათასი დოლარი, 275 ტონა;
5. სომხეთი - 505 ათასი დოლარი, 417 ტონა;
6. ირანი - 382 ათასი დოლარი, 139 ტონა.
მიმდინარე წლის იანვარში საქონელი კი ერაყში, აზერბაიჯანსა და სომხეთში გავიდა.
რაც შეეხება იმპორტს, გასულ წელს მსხვილფეხა ქვეყანაში 3 მილიონ 572 ათასი დოლარის ღირებულების 810 ტონა საქონელი შემოვიდა, რაც ღირებულებით 2021 წლის იმპორტს მცირდით აღემატება, ხოლო მოცულობით ჩამორჩება (2021 წელი - 828 ტონა). გასული წლის განმავლობაში ცოცხალი მსხვილფეხა პირუტყვი დანიიდან, ესტონეთიდან, უნგრეთიდან, ავსტრიიდან, ერაყიდან და ლატვიიდან შემოვიდა.
ცნობისთვის, სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ინფორმაციით, საქართველოში სოფლის მეურნეობის 2022 წლის მონაცემებით, ქვეყანაში გასულ წელს მსხვილფეხა რქოსანი პირუტყვის, ღორის და ფრინველის სულადობა შემცირდა, ხოლო ფურისა და ფურკამეჩის გაიზარდა. გასული წლის განმავლობაში მსხვილფეხა რქოსანი პირუტყვის, ღორის და ფრინველის ექსპორტი 2021 წელთან შედარებით გაიზარდა. შესაბამისად, 2022 წელს ექსპორტზე 131.6 ათასი სული მსხვილფეხა რქოსანი პირუტყვი, 3.5 ათასი ღორი და 13 მილიონ 604 ათასი ფრინველი გავიდა.




























