მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

I კვარტალში კვერცხის იმპორტი 1.8 მლნ ლარამდე გაიზარდა

64427815a1698
ვიქტორია მღებრიშვილი
22.04.23 09:20
1160
მიმდინარე წლის პირველ კვარტალში საქართველოში ფრინველის კვერცხის იმპორტი გაიზარდა. საქსატის მიხედვით, ქვეყანამ 1.8 მლნ დოლარის ღირებულების 19 480 360 ცალი კვერცხი შეიძინა.

კვერცხის საიმპორტო ღირებულება 73.9%-ით გაიზარდა, ხოლო რაოდენობა 472%-ით, აქედან გამომდინარე შეგვიძლია ვთქვათ, რომ კვერცხის ღირებულება საერთაშორისო ბაზარზე შემცირდა.

ამ პერიოდის განმავლობაში კვერცხი ძირითადად თურქეთიდან შემოდიოდა. მიმდინარე წლის პირველი კვარტალის განმავლობაში საქართველომ მეზობელი თურქეთიდან 1 მილიონ 845 ათასი დოლარის ღირებულების 19 479 760 ცალი კვერცხი შეიძინა. იმპორტის უმნიშვნელო ნაწილი კი უნგრეთზე მოდის, საიდანაც მხოლოდ 1.8 ათასი დოლარის 600 ცალი კვერცხის იმპორტი მოხდა.

გასული წლის ამავე პერიოდის განმავლობაში საიმპორტო ბაზრებს შორის ასევე ბულგარეთი, რუსეთი და საფრანგეთი იყო.

რაც შეეხება ექსპორტს, მიმდინარე წლის პირველ სამ თვეში ნაჭუჭით, ახალი, დაკონსერვებული ან მოხარშული ფრინველის კვერცხის რეალიზება გაიზარდა. საანგარიშო პერიოდში ქვეყნიდან სულ 568 ათასი დოლარის ღირებულების 1 567 560 ცალი კვერცხი გავიდა. შესაბამისად, გასული წლის ამავე პერიოდთან შედარებით ღირებულება 36%-ით, ხოლო რაოდენობა 40.4%-ით გაიზარდა. ექსპორტი სულ ორ ქვეყანაში ხორციელდებოდა, აქედან ძირითადი ნაწილი 492 ათასი დოლარის 1 316 280 ცალი კვერცხი სომხეთში, 75 ათასი დოლარის ღირებულების 251 280 ცალი კი აზერბაიჯანში გავიდა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები