მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

2022 წელს პოს-ტერმინალებით გადახდები 49%-ით გაიზარდა - ზრდის მიზეზები

6405a259ccd64
შოთა ტყეშელაშვილი
06.03.23 12:24
937
სტატიაში საუბარია:
ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული ანგარიშიდან ირკვევა, რომ 2022 წლის განმავლობაში საქართველოში პოს-ტერმინალებით განხორციელებული გადახდების მოცულობა 49%-ით გაიზარდა და 13.4 მილიარდ ლარს მიაღწია. მთლიანობაში ამ გადახდების რაოდენობამ 436 მილიონი შეადგინა, შესაბამისად ერთი საშუალო ქვითრის ღირებულება 30.8 ლარი იყო.

პოს-ტერმინალებით გადახდების მატება რამდენიმე ძირითადი ფაქტორის მიერ იყო გამოწვეული - ესენია საქართველოს სავაჭრო სექტორის მიერ ტერმინალების უფრო ფართოდ ათვისება; მოსახლეობის დანახარჯებში საბარათე გადახდების ზრდა; ტურიზმის აღდგენა და რუსი მიგრანტების ეფექტი.

ამ გარემოებების გათვალისწინებით, გადახდების მოცულობა თითქმის 50%-ით გაიზარდა.

ეროვნული ბანკის სტატისტიკის მიხედვით, ყველაზე მეტი თანხა ტერმინალების მეშვეობით დეკემბერში გადაიხადეს, რაც 1,46 მილიარდ ლარს შეადგენდა.

მთლიანობაში ქვეყანაში სულ 93,668 საბარათე ტერმინალი არის მოქმედი. წინა წელთან შედარებით ტერმინალების რაოდენობა 14,000-ით არის გაზრდილი.

გადახდის საბარათე არხების ზრდის მიუხედავად, ქვეყანაში წამყვან ადგილს მაინც საბანკომატე ოპერაციები იკავებს. 2022 წელს ბანკომატებიდან 39.1 მილიარდი ლარი გამოიტანეს, რაც წინა წელთან შედარებით 9.7 მილიარდი ლარით მეტი იყო. საშუალოდ ერთ გამოტანაზე მოსახლეობას ბანკომატიდან გასულ წელს 384 ლარი გამოჰქონდა.

რაც შეეხება ელექტრონულ კომერციას, მისი გადახდების მოცულობა 6.46 მილიარდი ლარი იყო, რაც 2021 წელთან შედარებით მხოლოდ 2%-ით მეტი იყო. ელ. კომერციის გადახდების რაოდენობამ 101 მილიონი ერთეული შეადგინა, რაც 2021 წელთან მიმართებით 3 მილიონი გადახდით მეტი იყო.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები