მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

2022 წელს "ვანი ნათსმა" იტალიაში ექსპორტზე 440 ტონა თხილი გაიტანა

63dbb9619de2b
თინათინ ნატმელაძე
05.02.23 19:00
974
გასულ წელს თხილის მოსავლის ხარისხი და რაოდენობა შემცირდა, რამაც მისი საფასურის ვარდნაც განაპირობა, - ამის შესახებ იმერეთში მდებარე თხილის ექსპორტიორი კომპანია „ვანი ნათსის“ დამფუძნებელმა, მახარე ლემონჯავამ BM.GE-თან განაცხადა.

მისივე ცნობით, ევროპის ქვეყნებიდან ქართულ თხილზე მოთხოვნაც შემცირებულია.

„ნორმალური წელი იყო, მაგრამ არც ისე სახარბიელო მოსავალი ყოფილა. ჩვენ ძირითადად იტალიელებთან ვთანამშრომლობთ და ჩვენი პროდუქტიც გავიდა ექსპორტზე, 440 ტონა გავიტანეთ, მაგრამ ძირითადად მოთხოვნა შემცირებულია.

ამ ყველაფერმა, რა თქმა უნდა, საფასურის ვარდნაც გამოიწვია, ამჟამად ერთი კილოგრამის ფასი 12-13 ლარს შორის მერყეობს,“ - განაცხადა მახარე ლემონჯავამ.

„ვანი ნათსის“ დამფუძნებელი აღნიშნავს, რომ ამ დრომდე სახელმწიფომ თხილის ბიზნესი და ფერმერები საკმაოდ კარგად დააფინანსა და ამბობს, რომ იმედი აქვს, მომავალშიც ასე გაგრძელდება.

აღსანიშნავია, რომ „ვანი ნათსი“ საქართველოს ერთ-ერთი უმსხვილესი თხილის ექსპორტიორი კომპანიაა და გასულ წლებში მას ექსპორტზე 900 ტონა თხილის გული გაჰქონდა. კომპანია 30 ადამიანს ასაქმებს. 

ინფორმაციისთვის, საქართველოს ექსპორტში თხილი და სხვა კაკალი უმსხვილეს სასაქონლო ჯგუფებში 1.8%-იანი წილით მეცხრე ადგილს ინარჩუნებს, თუმცა მიმდინარე წელს ქვეყნიდან საერთაშორისო ბაზარზე თხილის რეალიზება კლების ტენდენციით ხასიათდება.

ოფიციალური სტატისტიკის მიხედვით, 2022 წლის 11 თვის განმავლობაში საქართველომ თხილის რეალიზებით 89.8 მლნ დოლარის შემოსავალი მიიღო, რაც 2021 წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელს 15.6%-ით ჩამორჩება. შედეგად იანვარ-ნოემბრის განმავლობაში ქვეყნიდან ექსპორტზე 21 456 ტონა თხილი გავიდა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები