მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

საქართველომ თხილის ექსპორტით $53.3 მილიონის შემოსავალი მიიღო - საექსპორტო ფასი გაიზარდა

თხილი

2024 წლის 9 თვეში საქართველოს თხილის ექსპორტით მიღებული შემოსავალი გაეზარდა. იანვარ-სექტემბერში ქვეყნიდან 53 მილიონ 377 ათასი დოლარის ღირებულების 8 102 ტონა თხილი გავიდა ექსპორტზე.

ოფიციალური სტატისტიკის მიხედვით, პროდუქტის ექსპორტით მიღებული შემოსავალი 10.4%-ით გაიზარდა, თუმცა მოცულობა 18%-ით შემცირდა, რაც იმას ნიშნავს, რომ საექსპორტო ბაზარზე თხილი გაძვირდა. ექსპორტის მონაცემებზე დაყრდნობით შეგვიძლია ვთქვათ, რომ 1 კგ პროდუქტის საშუალო ღირებულება წელს 6.5 დოლარი იყო, მაშინ როდესაც გასულ წელს 1 კგ თხილი და კაკლის ფასი საშუალოდ 5 დოლარამდე იყო.

თხილის ექსპორტით გაზრდილი შემოსავლების მიუხედავად, წელს პროდუქტი ქვეყნის უმსხვილესი საექსპორტო საქონლის ათეულში ვერ მოხვდა. წელს მთლიან ექსპორტში თხილზე მხოლოდ 1% მოდიოდა.

თხილის ექსპორტში დიდი ნაწილი ნაჭუჭგაცლილ თხილზე მოდის. იანვარ-სექტემბერში საქართველოდან 50 მლნ 600 ათასი დოლარის ღირებულების 7 193 ტონა ნაჭუჭგაცლილი თხილი გავიდა, ხოლო გაყიდული საქონლიდან 2 მილიონ 777 ათასი დოლარის 909 ტონა ნაჭუჭგაუცლელი თხილი იყო.

ამ პერიოდის განმავლობაში, ყველაზე დიდი მოცულობით ქართული თხილი ესპანეთში გაიყიდა. TOP-10 საექსპორტო ქვეყნის რეიტინგი კი ასეთია:

  1. ესპანეთი - $9.6 მლნ, 1 265 ტონა;
  2. იტალია - $5.4 მლნ, 1 004 ტონა;
  3. გერმანია - $3.7 მლნ, 558 ტონა;
  4. საფრანგეთი - $3.1 მლნ, 417 ტონა;
  5. რუსეთი - $3 მლნ, 498 ტონა;
  6. სომხეთი - $2.8 მლნ, 589 ტონა;
  7. პოლონეთი - $2.7 მლნ, 382 ტონა;
  8. ლიეტუვა - $2.5 მლნ, 336 ტონა;
  9. ჩეხეთი - $2.2 მლნ, 295 ტონა;
  10. ლიბანი - $1.9 მლნ, 264 ტონა

BM.GE-მ საქსტატიდან თხილის უმსხვილესი ექსპორტიორი კომპანიების ათეული გამოითხოვა. უწყების პასუხიდან ირკვევა, რომ 9 თვის განმავლობაში საზღვარგარეთ ყველაზე მეტი თხილი შემდეგმა კომპანიებმა გაყიდეს:

  • შპს NOCHIOLE
  • შპს აგრიჯორჯია
  • შპს ბარბი ნათს
  • შპს გრენდ ნათ
  • შპს მეგრული თხილი
  • შპს ნათს ელი
  • შპს ტურალ გრუპ
  • შპს ჯეონათსი-XXI
  • შპს ჯორჯიან პროდაქტს რენესანს
  • შპს ჯტჯ პლას

შენიშვნა: ექსპორტიორები არ არის დალაგებული რეიტინგის მიხედვით

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები