მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

2022 წელს საქართველოს ექსპორტი $5.6 მლრდ იყო - TOP-10 საექსპორტო საქონელი

63ca446e2ff3c
ვიქტორია მღებრიშვილი
20.01.23 11:39
2004
საქართველოს სავაჭრო ბრუნვა 2022 წელს 19 მილიარდ 042 მილიონი დოლარი შეადგინა, რაც გასული წლის მაჩვენებელს 32.8%-ით აღემატება. აქედან ექსპორტი მაჩვენებელმა 5 მილიარდ 592 მილიონი დოლარი შეადგინა, ეს კი ბოლო 10 წლის განმავლობაში რეკორდული მაჩვენებელია. 2022 წელს საქართველოდან საქონლის რეალიზების მაჩვენებელი 2021 წელთან შედარებით 31.8%-ით გაიზარდა.

საქსტატის მიერ დღეს გამოქვეყნებული სტატისტიკის მიხედვით, ექსპორტში 2022 წელს ათი უმსხვილესი საექსპორტო პარტნიორი ქვეყნის წილმა საქართველოს მთლიან ექსპორტში 78.6% შეადგინა. ამასთან, დსთ-ის ქვეყნებს ექსპორტში 48.2%-იანი, ხოლო ევროკავშირის ქვეყნებს 15.4%-იანი წილი უკავიათ, 49.7% კი დანარჩენ ქვეყნებზე მოდის.

უმსხვილესი საექსპორტო ქვეყნების სამეული შემდეგნაირად ჩამოყალიბდა: ჩინეთი - 736.8 მლნ. აშშ დოლარი, აზერბაიჯანი - 672.6 მლნ დოლარი და რუსეთი - 651.6 მლნ დოლარი.

რაც შეეხება მთავარ საექსპორტო საქონელს, გასული წლის განმავლობაში სასაქონლო ჯგუფებიდან საექსპორტო ათეულში პირველი ადგილი 1 მილიარდ 024 მილიონი დოლარით სპილენძის მადნებმა და კონცენტრატებმა დაიკავა, რაც მთელი ექსპორტის 18.3%-ს შეადგენს. მეორე ადგილს 903 მილიონი დოლარით (მთლიანი ექსპორტის 16.2%) მსუბუქი ავტომობილები იკავებს, ხოლო მესამე ადგილზე 458 მლნ დოლარით (8.2%) ფეროშენადნობებია.

აღსანიშნია, რომ წლიურად უმსხვილეს სასაქონლო ჯგუფებს შორის ექსპორტი 4 პროდუქტის შემთხვევაში შემცირდა, დანარჩენი პროდუქტის უცხო ქვეყნებში რეალიზება კი გაიზარდა.

TOP-10 საექსპორტო საქონლის ჩამონათვალი კი ასეთია:

1. სპილენძის მადნები და კონცენტრატები - 1.024 მლრდ დოლარი, ზრდა 25.6%;
2. მსუბუქი ავტომობილები - 903.8 მლნ დოლარი, ზრდა - 98%;
3. ფეროშენადნობები - 460 მლნ დოლარი, კლება - 3.7%;
4. აზოტოვანი სასუქები - 281.4 მლნ დოლარი, ზრდა - 135%;
5. ყურძნის ნატურალური ღვინოები - 252.5 მლნ დოლარი, ზრდა - 5.5%;
6. სპირტიანი სასმელები - 148.1 მლნ დოლარი, კლება - 4.9%;
7. მინერალური და მტკნარი წყლები - 112.5 მლნ დოლარი, კლება 20.7%;
8. დაფასოებული სამკურნალო საშუალებები - 109.4 მლნ დოლარი, ზრდა - 10.4%;
9. თხილი და სხვა კაკალი - 102.5 მლნ დოლარი, კლება - 13.3;
10. ძვირფასი ლითონების მადნები და კონცენტრატები - 84.5 მლნ დოლარი, ზრდა - 91.8%;

დანარჩენი საქონლის ექსპორტმა ჯამში 2 მილიარდ 113 მილიონი დოლარი შეადგინა, რაც გასული წლის ექსპორტთან შედარებით 34.2%-ით მეტია.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები