მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

რუსეთთან ვაჭრობის პოლიტიკური, ეკონომიკური და მორალური მხარე - ინტერვიუ გიორგი ღაღანიძესთან

6493ea1dca407
თელარა გელანტია
25.06.23 09:56
476
საქართველოს საგარეო ვაჭრობა იზრდება, მაგრამ ექსპორტში EU-ის წილი მცირდება, დსთ-ის კი - გაიზარდა. რეკორდულ ნიშნულზეა რუსეთთან ვაჭრობაც. რა უნდა გაკეთდეს ექსპორტის დივერსიფიკაციისთვის და თავისუფალი ვაჭრობის რეჟიმების მაქსიმალურად გამოყენებისთვის
?რა სჭირდება კონკურენტული საექსპორტო პროდუქტების შექმნას? სახელმწიფოს და ბიზნესის როლსა და პასუხისმგებლობებზე თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ეკონიმიკისა და ბიზნესის ფაკულტეტის დეკანმა, პროფესორმა გიორგი ღაღანიძემ BMGTV-ის გადაცემა „წერტილთან“ ინტერვიუში ისაუბრა.



- სხვადასხვა საზოგადოებრივი აზრის გამოკითხვის მიხედვით, საქართველოს ეკონომიკისთვის მთავარი საფრთხე რუსეთიდან მოდის; თან ვხედავთ მზარდია როგორც ექსპორტი, ისე - იმპორტი. თქვენი აზრით, რუსეთთან სავაჭრო ბრუნვის ზრდა არის თუ არა საშიში საქართველოს ეკონომიკური და ეროვნული უსაფრთხოებისთვის?

- ზოგადად, როცა რომელიმე კონკრეტულ ქვეყანასთან საგარეო ვაჭრობის ზრდას ვიხილავთ, ყველაზე უსაფრთხო ვარიანტია, ვიყოთ მთლიანად დივერსიფიცირებული, რაც შეუძლებელია. ეს არის რაღაც თეორიული მოდელი, რომლისკენაც უნდა ვისწრაფოდეთ. დღეს, ქართული ღვინის ექსპორტის 67% რუსეთზე მოდის. 2006 წელს, როცა რუსეთმა ემბარგო დაუწესა ქართულ პროდუქციას, ეს მაჩვენებელი 82% იყო და ემბარგოს გამო, ღვინის ექსპორტის 78%-იანი ვარდნა გვქონდა, თუმცა არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ 2007 წელს რუსეთი არ იყო მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაციის წევრი; ახლა არის და ჩვენ მას ზემოქმედების გარკვეული ბერკეტები გაგვაჩნია.

- ფიქრობთ, რუსეთის მსო-ში წევრობით დაზღვეული ვართ? რუსეთი ხომ არანაირ წესს არ ცნობს...

- მე ვთქვი, ბერკეტი გვაქვს-მეთქი. დაზღვეული ვერასდროს იქნები, როდესაც საუბარია ისეთ არასანდო პარტნიორზე, როგორიც რუსეთია. თუ გვინდა, მოდი, დავიზღვიოთ თავი, უარი ვთქვათ რუსეთთან ვაჭრობაზე... კი ბატონო, გავიკეთოთ ხარაკირი.

- შეიძლება, ასეთი გადაწყვეტილება გრძელვადიან პერსექტივაში უკეთესიც იყოს საქართველოს ეკონომიკისთვის, უსაფრთხოებისთვის...

- მოკლევადიან პერსპექტივაში რა ვქნათ?! როგორც კეინსმა (ჯონ კეინსი - ბრიტანელი ეკონომისტი) თქვა, გრძელვადიან პერსპექტივაში, ერთადერთი, რაც ვიცით, ის არის, რომ ყველანი გარდავიცვლებით. მეტი არაფერი ვიცით. თავისთავად, შენს სახმელეთო მეზობელთან ვაჭრობა რომ იზრდება, პრობლემა არ არის. ეს მთელ მსოფლიოში ასეა.

- გასაგებია, მაგრამ რუსეთი ჩვეულებრივი სახმელეთო პარტნიორი არ არის... მითუმეტეს რუსეთ-უკრაინის ომის ფონზე...

- ჩვენ არ შევუერთდით სანქციებს..

- მთავრობის ეკონომიკური გუნდი ამბობს, რომ ვიცავთ საერთაშორისო სანქციებს... თქვენი აზრით, არ შევუერთდით?

- ასეა... ერთმანეთისგან უნდა გავმიჯნოთ პოლიტიკური, ეკონომიკური და მორალურ-ზნეობრივი მხარე. მოკლედ, ბევრი ასპექტია, რომლის მიხედვით შეგვიძლია ვიმსჯელოთ. პრაგმატული პოლიტიკაა, რომ თუ ქართული პროდუქციის გაყიდვის შესაძლებლობაა, ეს არის მომგებიანი ჩვენი კომპანიებისთვის და ეს შესაძლებლობა უნდა გამოვიყენოთ.

- მორალურ-ზნეობრივი კუთხით რა ჰქვია ამას?

- ზნეობრივ ნაწილზე მოიწვიეთ ფილოსოფოსები, სხვა დარგის სპეციალისტები და მათ ისაუბრონ... თითოეულ კომპანიას თავად შეუძლია მიიღოს გადაწყვეტილება <ივაჭროს თუ არა რუსეთთან>; აქ არავინ არავის არაფერს აძალებს. დაუწესონ საკუთარ თავს თვითშეზღუდვა და არ ივაჭრონ რუსეთთან. ეს იქნება ზნეობრივი პოლიტიკა.

- და მაინც, ჩემი პირველი კითხვა იყო - საშიშია თუ არა რუსეთთან სავაჭრო ბრუნვის ზრდა საქართველოსთვის?

- ყველა შემთხვევაში, ერთ კონკრეტულ ბაზარზე დამოკიდებულების ზრდა არის სახიფათო... დაკონკრეტების გარეშე.

- და თუ დავაკონკრეტებთ, რომ ეს კონკრეტული ბაზარი რუსეთია, კიდევ უფრო სახიფათო არ გამოდის?

- თუ დავაკონკრეტებთ, რუსეთთან ვაჭრობა, რასაკვირველია, იქნება სახიფათო, მაგრამ გვაქვს ემბარგოს გამოცდილება და არ ჩამოვიშალეთ; მაშინ იმ ეკონომისტებს შორის ვიყავი, ვინც ამბობდა, რომ ღვინოსა და „ბორჯომზე“ ემბარგოს დაწესებით ჩვენი ეკონომიკა არ ჩამოიშლებოდა... მთავარია, იცოდე, როგორია შენი სასაქონლო სტრუქტურა, რა პროდუქტები გადის, რომელს რა წილი უჭირავს; დიახ, ემბარგო იყო მძიმე დარტყმა, მაგრამ ეკონომიკა არ ჩამოშლილა. გარკვეული პროდუქტები, რასაც ვყიდდით რუსეთში, გადანაწილდა უკრაინასა და ყაზახეთზე. ეს იყო აბსოლუტურად სწორი და პრაგმატული ნაბიჯი. ამდენად, დიახ, ერთ კონკრეტულ ქვეყანაზე დამოკიდებულება არის სახიფათო, მაგრამ როდესაც არის შესაძლებლობები, ამაზე უარის თქმა, ცოტა გაუგებარია. თვითონ ბიზნესმა უნდა გადაწყვიტოს, თავისი ექსპორტის რა წილი დაიკავოს რუსეთის ბაზარმა. ამ შემთხვევაში სახელმწიფო ვერ გამოვა მრჩევლად, რომ მაგალითად, კომპანიებმა რუსეთში გაყიდონ ექსპორტის არაუმეტეს N პროცენტისა. ეს სწორი არ არის.

- იმ ფონზე, როდესაც მთელი მსოფლიო ცდილობს რუსეთთან ეკონომიკური დამოკიდებულების შემცირებას, მსგავსი მოქმედება და მოძრაობა ჩვენ გვეტყობა?

- უნდა გვესმოდეს, რომ ჩვენს მდგომარეობას სხვა ბევრი ფაქტორი ართულებს. ქვეყნები, რომლებიც თავისთავს აძლევენ უფლებას, გააკრიტიკონ რუსეთი, ემბარგო დაუწესონ და ა.შ. მათ თავდაცვის სხვა მექანიზმები აქვთ - იქნება ეს ევროკავშირი თუ ნატო... ეს ძალიან მნიშვნელოვანია. ჩვენ ეს დაცულობა არ გვაქვს, ამიტომ პრაგმატული და ფრთხილი პოლიტიკის გატარება აუცილებელია.

- თქვენ აღნიშნეთ, რომ ბიზნესმა თავად უნდა გადაწყვიტოს სად გაყიდის თავის პროდუქციას ანუ მთლიანად ბიზნესის პასუხისმგებლობაა, რუსეთთნ ვაჭრობის ზრდა? თუ ჩრდილოელი მეზობელი ისევ ემბარგოს დაგვიწესებს, ეს საკითხი მთავრობის საფიქრალიც ხომ გახდება, ამიტომ ექსპორტის დივერსიფიკაციის პოლიტიკა უფრო ხომ არ არის გასააქტიურებელი?

- დივერსიფიკაციის პოლიტიკაზე დამოუკიდებლობის პირველი დღეებიდანვე ყველა ზრუნავდა. ერთადერთო ხაზი, რომელსაც ატარებდა საქართველოს ყველა ხელისუფლება, იყო საგარეო ბაზრების გახსნა. ეს იყო ვაჭრობის მსოფლიო ორგანიზაციაში გაწევრინება, თავისუფალი ვაჭრობის რეჟიმები დსთ-სთან ევროკაშირთან, ჩინეთთან და ა.შ. მთავარი პრობლემა არის იმაში, რომ ბაზრები კი გვაქვს, მაგრამ არ გვაქვს პროდუქტები.

- რა შექმნის საექსპორტო პროდუქტებს?

- პირდაპირი უცხოური ინვესტიციები - ამ კითხვაზე სხვა პასუხი არ არსებობს; ოღონდ პირდაპირი უცხოური ინვესტიციები ქვეყანაში დეკრეტით არ შემოდის. FDI-ის შემოდინებისთვის უნდა არსებობდეს ფიზიკური დაცულობა. 2010-2012 წლებში მე თვითონ ჩავატარე კვლევა - აღმოსავლეთ და ცენტრალური ევროპის ქვეყნებში როდის დაიწყო უცხოური ინვესტიციების ზრდა - გასაოცარი შედეგი მივიღე: მაპ-ის მინიჭება. NATO. შეგნებულად არ ვსაუბრობ დაცულობის სხვა კომპონენტებზე, რაც ინვესტორისთვის მნიშვნელოვანია. ახლა წარმოიდგინეთ, ინვესტორი, რომელმაც საქართველოში უნდა ჩადოს ინვესტიცია, ქვეყანაში, რომლის 20% ოკუპირებულია, რომელსაც ყველაზე გრძელი სახმელეთო საზღვარი აქვს ყველაზე უფრო აგრესიულ ოკუპანტ ქვეყანასთან... იცით, ინვესტორები ასე არ იქცევიან. მოკლედ, ექსპორტი და ინვესტიციები ერთი მოდელის ორი მხარეა.

- რუსეთში ექსპორტთან დაკავშირებულ რისკებს რომ დავუბრუნდეთ, არც ევროპელ და არც ამერიკელ პარტნიორებს არ მოუთხოვიათ საქართველოსთვის, ინდივიდუალური სანქციების დაწესება - ისინი უბრალოდ გვეუბნებიან, ფრთხილად იყავითო...

- გასაგებია, რომ ფრთხილად უნდა ვიყოთ. მე არ მაქვს შეგრძნება, რომ ფრთხილად არ ვართ. იმ ზომით, რა ზომითაც შეგვიძლია, სიფრთხილეს ვიჩენთ. იმ ზომით, რა ზომითაც მე მაქვს ურთიერთობა გარკვეულ ადამიანებთან, მათ პრობლემა გათვითცნობიერებული აქვთ.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები