2022 წლის IV კვარტალში, გასული წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით ბიზნესსექტორის ბრუნვის მოცულობა 18.1%-ით გაიზარდა და 51 მილიარდ 700 მილიონი ლარი შეადგინა. ამის შესახებ საქსტატის მიერ გამოქვეყნებულ საწარმოთა საქმიანობის შედეგებშია გამოქვეყნებული.
ამავე შედეგებში აღნიშნულია, რომ ზრდის ტენდენციით ხასიათდება ბიზნეს სექტორის პროდუქციის გამოშვების მაჩვენებელიც. კერძოდ 2022 წლის IV კვარტალში მისი მოცულობა 19 მილიარდ 800 მილიონი ლარით განისაზღვრა, რაც გასული წლის შესაბამისი პერიოდის მაჩვენებელზე 22.1%-ით მეტია.
2022 წლის IV კვარტალში ბიზნეს სექტორის ბრუნვის მოცულობის 62% მსხვილ ბიზნესზე, 15.6% - საშუალოზე, ხოლო 22.4% - მცირე ბიზნესზე მოდიოდა.
მცირედით განსხვავებული მდგომარეობაა პროდუქციის მთლიანი გამოშვების შემთხვევაში: მსხვილ ბიზნესზე პროდუქციის გამოშვების 43.7%, საშუალოზე - 23.8%, ხოლო მცირე ბიზნესზე - 32.5% მოდიოდა.
გასული წლის ოქტომბერ-ნოემბრის მონაცემებით, საწარმოთა მიერ განხორციელებულმა საქონლისა და მომსახურების მთლიანმა ყიდვებმა 30 მილიარდ 400 მილიონი ლარი (გასული წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 21.8%-ით მეტი), ხოლო გადასაყიდად განკუთვნილი საქონლისა და მომსახურების ყიდვებმა - 18 მილიარდ 400 მილიონი ლარი (გასული წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 21.0%-ით მეტი) შეადგინა.
2022 წლის IV კვარტალში ბიზნეს სექტორში დასაქმებულთა საშუალო რაოდენობა 741 ათასი კაცით განისაზღვრა, რაც გასული წლის შესაბამისი პერიოდის მაჩვენებელზე 6.9%-ით მეტია.
ამასთან, დასაქმებულების 43.1% ქალია, ხოლო 56.9% - კაცი.
რაც შეეხება დასაქმებულთა განაწილებას ბიზნესის სიდიდის მიხედვით, ამ პერიოდის განმავლობაში მსხვილი ბიზნესი მთლიანად დასაქმებულების 41.7%-ს, საშუალო - 21.8%-ს, ხოლო მცირე ბიზნესი - 36.4%-ს ასაქმებდა.
საანგარიშო პერიოდში, დაქირავებულთა მთლიანმა რაოდენობამ 699.5 ათასი კაცი შეადგინა (გასული წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 5.3%-ით მეტი), ხოლო საწარმოთა მთლიანი დანახარჯები პერსონალზე 4 მილიარდ 086 მილიონი ლარით განისაზღვრა (გასული წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 25.5%-ით მეტი).
2022 წლის IV კვარტალში, ბიზნეს სექტორში დაქირავებით დასაქმებულთა საშუალო თვიური ხელფასი 1 911 ლარს გაუტოლდა (გასული წლის შესაბამისი პერიოდის მაჩვენებელთან შედარებით 313.2 ლარითაა გაზრდილი), ხოლო მათ შორის ქალების ხელფასმა 1 487 ლარი შეადგინა. გასული წლის შესაბამისი პერიოდის მაჩვენებელთან შედარებით 244.4 ლარით გაიზარდა.
საწარმოთა ზომის მიხედვით საშუალო თვიური ხელფასი შემდეგნაირია:
⦁ მსხვილი ბიზნესი – 2 007.2 ლარი
⦁ საშუალო ბიზნესი – 2 165.3 ლარი
⦁ მცირე ბიზნესი – 1 602.1 ლარი.
2022 წლის IV კვარტალში ბიზნეს სექტორის ბრუნვის მოცულობის სტრუქტურაში ყველაზე მაღალი წილი - 38.9% მოდის ვაჭრობის (ავტომობილების და მოტოციკლების რემონტის ჩათვლით) დარგზე, მეორე ადგილზეა ხელოვნება, გართობა და დასვენება 30.2%-იანი წილით, შემდეგ მოდის დამამუშავებელი მრეწველობა - 8%-იანი წილით, მშენებლობა - 6.7%-იანი წილით, ტრანსპორტი და დასაწყობება - 4.9%-იანი წილით, ელექტროენერგიის, აირის, ორთქლის და კონდიცირებული ჰაერის მიწოდება - 2.8%-იანი წილით, ხოლო 8.7% დანარჩენ დარგებზე ნაწილდება.
2022 წლის IV კვარტალში ბიზნეს სექტორის პროდუქციის გამოშვებაში პირველ და მეორე ადგილებს იკავებს დამამუშავებელი მრეწველობა (20.5%) და მშენებლობა (20.3%), შემდეგ მოდის ვაჭრობა (19.9%) და ტრანსპორტი და დასაწყობება (9.2%), ხოლო დანარჩენ დარგებს სტრუქტურაში 30.1%-იანი წილი უჭირავს.
2022 წლის IV კვარტალში დასაქმებულთა რაოდენობის მიხედვით ბიზნეს სექტორში ვაჭრობის (საბითუმო და საცალო ვაჭრობა; ავტომობილების და მოტოციკლების რემონტი), დამამუშავებელი მრეწველობისა და ჯანდაცვის და სოციალური მომსახურების საქმიანობების დარგები ლიდერობენ შესაბამისად, 27.8, 12.6 და 9.9%-იანი წილებით. სტრუქტურაში მნიშვნელოვანი წილი მოდის აგრეთვე მშენებლობის (8.5%), ტრანსპორტისა და დასაწყობების (8.0%), ინფორმაცია და კომუნიკაციის (5.7%) და განთავსების საშუალებებით უზრუნველყოფის და საკვების მიწოდების საქმიანობების (5%) დარგის საწარმოებზეც.