ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ხელმძღვანელის ტედროს გებრეიესუსის განცხადებით, მომავალი წლის პირველ ნახევარში ყველა ქვეყნის მოსახლეობის მინიმუმ 70% აცრილი უნდა იყოს, რადგან სხვა შემთხვევაში პანდემიის დამარცხება გაჭირდება. ამის შესახებ ინფორმაციას CNBC-ი ავრცელებს.
„ვაქცინები არის ერთ-ერთი ყველაზე მძლავრი იარაღი პანდემიის წინააღმდეგ, თუმცა მას მსოფლიო ჯეროვნად ვერ იყენებს, რადგან ვაქცინის მიღება დღემდე ყველაზე იღბლიანმა მოქალაქეებმა მოახერხეს“, - განაცხადა ტედროს გებრეისუსმა.
ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ხელმძღვანელი აცხადებს, რომ 3.5 მილიონ დოზაზე მეტი ვაქცინის ადმინისტრირება მხოლოდ 10 ქვეყანაში მოხდა, რაც მთლიანი ვაქცინის დოზების დაახლოებით 75%-ია, მაშინ როდესაც ღარიბ ქვეყნებში ვაქცინის დოზების მხოლოდ 1%-ია ადმინისტრირებული.
გებრეისუსის თქმით, პანდემია, რომელიც უკვე 19 თვეა გრძელდება, ერთგვარი ტესტია, რომლის ჩაბარებაც მსოფლიოს უჭირს.
„მას შემდეგ რაც პირველი ვაქცინა გამოჩნდა, შვიდი თვე გავიდა, თუმცა ვაქცინების განაწილება ისევ არასამართლიანად ხდება, პანდემია გაგრძელდება მანამ, სანამ ყველა ქვეყენას არ ექნება ვაქცინებთან სათანადო წვდომა“, - განაცხადა გებრეისუსმა.