მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

„2023-2024 წლის ციტრუსის სეზონი და მოსავლის აღების პროცესი ჩავარდნილია“- "აგროინვესტსერვისი"

ციტრუსი

კომპანია „აგროინვესტსერვისის“ დირექტორი, ვაჟა მკურნალაძე აცხადებს, რომ 2023-2024 წლის ციტრუსის სეზონი და მოსავლის აღების პროცესი შეიძლება ითქვას, რომ ჩავარდნილია. საკითხზე მან BMGTV-ს გადაცემა „საქმიან დილაში“ ისაუბრა.

მისი ინფორმაციით, რთული კლიმატური პირობების გამო, წლევანდელი მოსავალი მნიშვნელოვნად დაზიანდა და გზები ჩაიხერგა. მკურნალაძე აცხადებს, რომ რთული მეტეოროლოგიური პროგნოზების გამო, ლარსის გამშვებ პუნქტზე მოძრაობა პარალიზებული გახდა, შესაბამისად, საექსპორტო მიწოდებებიც გართულდა.

„ცუდმა კლიმატურმა პირობებმა, მოსავალი მნიშვნელოვნად დააზარალა და პროდუქციას სახე დაუკარგა. მანდარინი იმ დონეზე იყო დაზიანებული, რომ ხეზე ლპებოდა. თუ დეკემბრის პირველ დეკადაში ძალიან კარგი ტენდენცია ფიქსირდებოდა და 1 კილოგრამი მანდარინის ფერმერებისგან შესასყიდი ღირებულება ძალიან ნორმალურ ფასს, 1-1.20 ლარს შეადგენდა, ამის შემდეგ პროცესი სრულიად შეჩერდა და დეკემბრის შუა რიცხვებში, როდესაც მოსავლის რეალიზაციისთვის აქტიური ფაზაა და ძირითადი მასის ექსპორტი ხდება, ამ დროს 1 კილოგრამი ჩასაბარებელი მანდარინის ფასი, მხოლოდ 60 თეთრს შეადგენდა.

ფერმერთა უდიდეს ნაწილს, მანდარინის მოსავალი გაუყიდავი დარჩა, ხოლო უდიდესმა ნაწილმა მოსავლის მესამედის რეალიზაციაც ვერ შეძლო,“-აცხადებს მკურნალაძე.

მისივე ცნობით, აჭარაში მხოლოდ ორი საკონსერვო-გადამმუშავებელი საწარმოა. აქედან, უწყვეტად მხოლოდ ერთი საწარმო მუშაობს, ხოლო მეორე საწარმო გარკვეული პირობების გამო არ ფუნქციონირებს, იმისდა მიუხედავად, რომ სრულადაა აღჭურვილი. მოქმედი საწარმო კი, რომელიც უწყვეტად მუშაობს, მას თავისი რესურსი გააჩნია და დღის განმავლობაში მხოლოდ 150-180 ტონის გადამუშავება შეუძლია.

რაც შეეხება საწარმოში ჩასაბარებელი 1 კილოგრამი ციტრუსის ღირებულებას, მაქსიმუმ 30 თეთრს შეადგენდა, საიდანაც ფერმერს კიდევ ტრანსპორტის ხარჯიც ემატება და ამას დამატებული საწარმოს რესურსიდან გამომდინარე, რიგში დგომის 12-13-დღიანი პერიოდიც.

საქმე ის არის, რომ ციტრუსის მოსავლის აღება 20 ნოემბრიდან დეკემბრის ბოლომდე პერიოდში მიმდინარეობს. გასულ წელს ციტრუსის სეზონზე, ექსპორტზე გასულია 22 მილიონი აშშ დოლარის ღირებულების 33 800 ტონა ციტრუსი. ამ დროისათვის კი ქვეყანაში გადამუშავებულია 9 900 ტონა არასტანდარტული ციტრუსი. სუბსიდიის თანხამ 2 474 000 ლარი შეადგინა. საპროგნოზო მონაცემებით, გასულ წელს საქართველოში ციტრუსის 55 ათას ტონამდე მოსავალს ელოდებოდნენ.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები