მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

აჭარაში ციტრუსის აღების პროცესი უამინდობის გამო შეჩერებულია - ვაჟა მკურნალიძე

მანდარინი

აჭარაში ციტრუსის მოსავლის აღების პროცესი ერთი კვირაა შეჩერებულია. მიზეზი უხვი ნალექია, რის გამოც ფერმერები მოსავლის აღებას ვერ ახერხებენ. შესაბამისად, ექსპორტიორი კომპანიების ნაწილი ამბობს, რომ დროებით შეჩერებულია პროდუქციის ექსპორტიც.

„ცუდი ამინდებია, პრაქტიკულად შეუძლებელია მოსავლის აღება, ახლა მოსავლის აღების პროცესი შეჩერებულია. გამოდარებიდან ორი დღე მაინც არის საჭირო, რომ ციტრუსი იმ კონდიციაში იყოს, რომ მოსავლის აღება შესაძლებელი გახდეს.

აქამდე მოსავლის აღების და ექსპორტის პროცესი ნორმალურად მიდიოდა. დეკემბრის პირველი დეკადა ყოველთვის არის ყველაზე აქტიური მოსავლის რეალიზაციისთვის. თუ მოსავლის დროული აღება, დაბინავება და დახარისხება არ მოხდა, ექსპორტიორებსაც ექმნება სერიოზული პრობლემები.

ნოემბერშიც ამინდის გამო გვიან დაიწყო კრეფა, ამიტომ 20-25 ნოემბრიდან დაიწყო მოსავლის აქტიური დაბინავება, რასაც ცუდმა კლიმატურმა პირობებმა მოუსწრო, შესაბამისად ციტრუსის მიწოდების მნიშვნელოვანი წყვეტაა ფერმერიდან ექსპორტიორამდე, რაც დიდი პრობლემაა.

ბევრი ექსპორტიორი ვიცი, რომელსაც ამ წუთის მდგომარეობით მოთხოვნა აქვს საექსპორტო ბაზრებზე, კონტრაქტები აქვს, მაგრამ ნედლეული არ არის. პრობლემა არის ნედლეული. ნედლეული არის ხეზე“,- აცხადებს bm.ge-სთან ვაჟა მკურნალიძე, "აგრო ინვესტ სერვისის" დირექტორი.

მისი თქმით, ტრადიციულად, წელსაც ქართული მანდარინის გასაღების მთავარი ბაზარი რუსეთია, რომელზედაც ექსპორტის 80% მოდის, მცირე მოცულობები იყიდება, მეზობელ აზერბაიჯანსა და სომხეთში.

"სამწუხაროდ, რუსეთი რჩება ძირითად საექსპორტო ბაზრად. შემდეგ მოდის სომხეთი, აზერბაიჯანი, მცირე რაოდენობები გავიდა ბელარუსში. საექსპორტო გეოგრაფიაში შუა აზიის ქვეყნებიც არის, მაგრამ მცირე რაოდენობით. საექსპორტო ბაზრებზე ციტრუსზე სხვადასხვა ფასია. ხარისხიანი პროდუქცია ჩემს ხელთ არსებული ინფორმაციით, 1,5 დოლარი ღირს, იქ ჩატანილი და განბაჟებული“,-აცხადებს მკურნალიძე.

როგორც ირკვევა, საერთაშორისო სანქციების ფონზე თანხის გადარიცხვებთან დაკავშირებით არსებული შეზღუდვებიდან გამომდინარე ქართველი ექსპორტიორების არც თუ ცოტა ნაწილს თანხების ამოღების პრობლემა აქვთ.

„რუსეთი ისეთი საექსპორტო ბაზარია, საიდანაც თანხის გადმორიცხვა პრობლემაა, ამიტომ დიდი დანაკარგი აქვს ექსპორტიორს. ანგარიშსწორება სავარაუდოდ ხელზე ხდება, ან [თანხის] გადატანა სხვა ქვეყანაში, პირობითად ბელარუსში, უამრავი წვალებაა... ქართველ ექსპორტიორს შეიძლება მომავალი სეზონიც კი დასჭირდეს თანხის ამოღებისთვის. უჭირთ ამაზე საუბარი, თუმცა არაერთი შემთხვევა ვიცი, რომ შარშანდელი თანხები აქვთ ექსპორტიორებს ამოსაღები. პრობლემატურია ქეში და ანგარიშსწორებები მაღალ რისკებს უკავშირდება“,-აცხადებს ექსპორტიორი კომპანიის ხელმძღვანელი.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები