მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

„2023 ჩვენთვის ისტორიულად საუკეთესო წელი იყო“-კომპანია „გასა“

გიორგი შენგელია

„2023 წელი, ჩვენთვის ისტორიულად საუკეთესო წელი იყო, როგორც მიღებული ტურისტების კუთხით, ასევე საქართველოდან უცხოეთში გაყვანილი ტურისტების რაოდენობით. ამასთან, გაყიდული ბილეთების რაოდენობითა და მოგებიანობითაც,“-ამის შესახებ BMGTV-ს გადაცემა „საქმიან დილაში“ საქართველოს ავიასერვისის სააგენტო „გასას“ სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარე, გიორგი შენგელიამ განაცხადა.

მისი შეფასებით, ისეთ ქვეყნებთან, როგორიცაა ყაზახეთი და არაბთა გაერთიანებული საამიროები, რეკორდული მაჩვენებლები დაფიქსირდა.

როგორც კომპანია „გასას“ სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარე განმარტავს, საქსტატში ტურიზმის ფორმულირება შესაბამისად არ არის დაზუსტებული, იმისათვის, რომ ამ მონაცემებს დავეყრდნოთ, რასაც რუსეთის მაგალითიც ცხადყოფს.

„რუსეთის წილი, ჩვენს ქვეყანაში ნულთანაა მიახლოებული, ხოლო ჩვენ შემთხვევაში საერთოდ არ არსებობს. წლების წინ, როდესაც რუსეთი საქართველოზე აქტიურად მუშაობდა, ჩვენ ბაზრის ლიდერები ვიყავით და რუსეთის ბაზრის 15%-ს ვაკონტროლებდით. თუმცა, ახლა გასაგებიცაა, რომ რუსეთის მოქალაქეებისთვის საქართველო დასასვენებლად საუკეთესო ადგილი აღარ არის.

ნებისმიერი რყევა, მაგალითად უკრაინასა და ისრაელში არსებული კონფლიქტური სიტუაციები, სასტუმროებში ფასების ვარდნას იწვევს. განთავსების ბიზნესი არის ყველაზე კრიზისული სექტორი, რომელიც პირველი იღებს ასეთ დარტყმას ნებისმიერი კრიზისისას. თუმცა, ფასების ვარდნა, სხვა ბაზრების გააქტიურებას იწვევს.

ქვეყანაში ევროპელი ტურისტების რიცხვმა ძალიან იკლო, თუმცა აქ მინდა ვთქვა, რომ ევროპელი ტურისტის ნაკლებობა მხოლოდ საქართველოში არ არის. ზოგადად, ყველა იმ რეგიონში, სადაც სტაბილურობა არ არის, იქ ტურისტული ნაკადები ყოველთვის შემცირებულია,“ - აცხადებს შენგელია.

მისივე ინფორმაციით, საქართველოს მიმართულებით რეგულარულ ჯგუფებს არცერთი ევროპული ტუროპერატორი არ ახორციელებს. ტურისტული ნაკადები კი, რომლებიც ქვეყანაში შეინიშნება, ძირითადად ინდივიდუალური ხასიათისაა.

შენგელია აღნიშნავს, რომ თურქეთში ტურისტული ნაკადების ზრდა იმით იყო განპირობებული, რომ თურქული ლირა დასუსტდა და შესაბამისად, თურქეთის მიმართულებით ფრენა ძალიან იაფი იყო.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები