ამერიკულმა სამორინეებმა და ბეთინგ კომპანიებმა, გასულ წელს, რეკორდული შემოსავალი მიიღეს - საუბარია $66.5 მილიარდზე, რაც წლიურად 10%-იანი მატებაა. ინდუსტრიის შემოსავლის რეკორდული ზრდა, უმეტესწილად, გემბლინგის საკანონმდებლო დონეზე ლეგალიზებას უკავშირდება - შესაბამისი გადაწყვეტილება გასულ წელს კენტუკის, მეინის, მასაჩუსეტსის, ნებრასკას და ოჰაიოს შტატებში მიიღეს.
ბეთინგის ინდუსტრიის ლეგალიზებასთან ერთად, გაიზარდა სამორინეების მომხმარებელთა რაოდენობა, რომელმაც გასულ წელს, 102 მილიონი შეადგინა, რაც, თავის წილ, 34%-იანი ზრდაა, მაგრამ აღნიშნული მაჩვენებელი კვლავაც ჩამორჩება პანდემიამდელ დონეს, როცა სამორინეებში ამერიკის შეერთებული შტატების მოსახლეობის 44% დადიოდა. თუმცა პანდემიის შემდეგ თვალსაჩინოა კიდევ ერთი ტენდენცია - სამორინეების მომხმარებელთა გაახალგაზრდავება - თუ 2019 წელს, სამორინის მომხმარებლის საშუალო ასაკი 50 წელი იყო, დღეს ეს მაჩვენებელი 42 წელს შეადგენს.
სამორინეების გარდა, ამერიკელთა შორის მოთხოვნა იზრდება სპორტული ფსონების მიმართულებითაც. ბეთინგმა, რომელიც ქვეყნის 38 შტატში არის ლეგალური, გასულ წელს $10.92 მილიარდის შემოსავალი დააგენერირა, რაც ერთ წელიწადში 44.5%-ით გაზრდილი მაჩვენებელია. ამ მხრივ, რაც არ უნდა გასაკვირი იყოს, ლიდერობს არა ნევადა, სადაც “ცოდვების ქალაქად” წოდებული ლას-ვეგასი მდებარეობს, არამედ ნიუ-იორკი, რომელმაც 2023 წელს ბეთინგიდან $1.69 მილიარდის შემოსავალი მიიღო. მეორე და მესამე ადგილს ნიუ-ჯერსი და ილინოისი იკავებენ, ხოლო ნევადა - მხოლოდ მე-10 ადგილს დასჯერდა.
თუმცა ჯამურად, გემბლინგის ინდუსტრიის ძრავი მაინც ლას-ვეგასია, რომელმაც გასულ წელს $8.83 მილიარდის შემოსავალი მიიღო, რაც 7.2%-ით მეტია, ვიდრე 2022 წელს. მეორე ადგილს, $2.85 მილიარდით ნიუ-ჯერსიში მდებარე ატლანტიკ-სიტი იკავებს, მესამეზე კი - ჩიკაგოლენდს ვხვდებით, სადაც მომხმარებლებმა $2.19 მილიარდი დახარჯეს.
მნიშვნელოვანია აღინიშნოს, რომ ზემოხსენებულ მონაცემებში ვერ ვხვდებით, როგორც ამერიკელი ინდიელების საკუთრებაში არსებულ სამორინეებს, ასევე ლატარიებს - ამ ორმა ბიზნესი, ჯამში, გასულ წელს, $145 მილიარდის შემოსავალი დააგენერირა.