კაზინოების, სასტუმროებისა და ნეონების ქალაქში თანამედროვე არქიტექტურის მწვერვალი დაიბადა. ლას-ვეგასში მანათობელი სფეროს დებიუტი შედგა, რომლის პომპეზურობამ და აბსურდულობამ მთელი მსოფლიო გააოცა.
ამ გიგანტური სფეროს მშენებლობა 2018 წელს დაიწყო და მის დასრულებაზე 2 მილიარდ 300 მილიონი დოლარი დაიხარჯა. პროექტის დეველოპერი „ვიჩი ფროფერთია“, რომელიც ლას-ვეგასის მასშტაბით გასართობ კომპლექსებს ფლობს.
ახლა კი სფეროს ტექნიკურ დეტალებზე რომ გადავიდეთ, ეს არის 112 მეტრის სიმაღლის და 157 მეტრის სიგანის მქონე სტრუქტურა, რომელიც 1.5 მილიონ LED ნათურას აერთიანებს. სფეროს გარშემო არის 16K რეზოლუციის მქონე დისპლეი, რომელიც 54,000 კვადრატულ-მეტრზე ვრცელდება.
ამ აბსურდულ შენობას რამდენიმე მსოფლიო რეკორდიც ეკუთვნის, მაგალითად, ეს არის დედამიწაზე აშენებული ყველაზე დიდი სფეროს ფორმის ნაგებობა. აგრეთვე, ეს არის ყველაზე დიდი ეკრანის მქონე და ყველაზე მეტად განათებული შენობა.
ნაგებობის ექსტერიერზე ნებისმიერი ანიმაციის და გამოსახულების გაშვება შეიძლება, რადგან სფერო, თავისი არსით, ერთი გიგანტური ეკრანია, რომელიც იმას აჩვენებს, რასაც მისი მფლობელი მოისურვებს, იქნება ეს: დედამიწა, მთვარე, ბურთი, თვალი, სახე, ცხოველი, ფრინველი, დროშა, რომელიმე კომპანიის რეკლამა თუ ნებისმიერი სხვა რამ. სფეროს ეკრანს ფაქტობრივად ულიმიტო შესაძლებლობები აქვს და ამ რესურსის ეფექტიანად ათვისებაზე მარკეტინგული კომპანიები ამჟამად აქტიურად ფიქრობენ.
ახლა კი სფეროს პრაქტიკულ დანიშნულებას რომ დავუბრუნდეთ. ლას-ვეგასის სფერო, რეალურად, არის მაღალტექნოლოგიური საკონცერტო დარბაზი, რომელიც სხვადასხვა დანიშნულებით შეიძლება იქნეს გამოყენებული. მათ შორის ყველაზე მარტივია კონცერტების გამართვა, გარდა ამისა, პროექტის ორგანიზატორების ფიქრობენ, რომ ის იდეალური იქნება ახალი პროდუქტების წარსადგენად, კიბერსპორტული შეჯიბრებების ჩასატარებლად, დაჯილდოებების მოსაწყობად და ფილმების გასაშვებად.
მოგეხსენებათ, სფერო შიგნიდანაც გიგანტური ეკრანითაა აღჭურვილი, რომელიც 360-გრადუსიანი გამოსახულებით ტკბობის საშუალებას იძლევა. თავად ამ ეკრანს ცალკე რეკორდი ეკუთვნის, რაც მის ზომას, ხარისხს და გაფართოებას უკავშირდება.
სფეროს შიდა საკონცერტო დარბაზი 19,000-მდე ადამიანზეა გათვლილი. დარბაზში განთავსებული სკამები ვიბრაციას გამოყოფენ, რათა დამსწრე საზოგადოებამ შეგრძნებები ფიზიკური შეხების დონეზეც მიიღოს. კიდევ ერთი შთამბეჭდავი მაჩვენებელი დინამიკების რაოდენობას უკავშირდება. საერთო ჯამში, საკონცერტო დარბაზი 167 ათას სპიკერს აერთიანებს და მას 4-განზომილებიანი აუდიომასალის გადმოცემა შეუძლია.
მოკლედ, ყველანაირი პარამეტრითა და საზომით, ლას-ვეგასის სფერო თანამედროვე არქიტექტურისა და ინჟინერიის მწვერვალია, რომლის მსგავსიც მსოფლიოს არასოდეს უნახავს.