საქართველოში ერთ-ერთმა უმსხვილესმა სამშენებლო კომპანია "ანაგმა" 2023 წლის ფინანსური ანგარიში გამოაქვეყნა, რომლის თანახმადაც გასულ წელს ჯგუფის მთლიანი შემოსავლები 16%-ით გაუმჯობესდა და მან 412.6 მილიონ ლარს მიაღწია. ამასთან, ფინანსური ანგარიშის თანახმად, გაუმჯობესდა ჯგუფის წმინდა მოგებაც, რაც გასულ წელს 20 მილიონ ლარს შეადგენდა, რაც 2022 წელთან შედარებით 16 მილიონი ლარით მეტი იყო.
"ანაგის" ჯგუფის შემოსავლის ძირითადი ნაწილი სამშენებლო კონტრაქტებიდან მიღებულ შემოსავლებს წარმოადგენს. კომპანიის ანგარიშის მიხედვით, კომპანიის მიერ მიწოდებული სამშენებლო სამუშაოების თვითღირებულება 370 მილიონ ლარს შეადგენდა, მათ შორის 131 მილიონი ლარი იყო კომპანიის მიერ მშენებლობაში გამოყენებული მასალების ღირებულება, სახელფასო ხარჯები 96 მილიონ ლარს შეადგენდა, მომსახურების ხარჯები 95 მილიონი ლარი იყო, საიჯარო ხარჯები 13 მილიონი ლარი, საბანკო ხარჯები 6 მილიონი ლარი, ცვეთის ხარჯები კი 3 მილიონი ლარი.
კომპანიის პროექტებს შორისაა "ემ კვადრატი" ჰაილაინის 87,000 კვადრატული მეტრის პროექტის განვითარება, ასევე "სითიზენის" 29,000 კვადრატული მეტრის პროექტის განვითარება, "თაბორი რეზორტის" პროექტის აშენება, ასევე "არქი ისანის", "არქი საბურთალოს" პროექტები, ბათუმში "აჭარაბეთ არენას" სტადიონის პროექტი, "ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტის" ტერმინალი და სხვა პროექტები სხვადასხვა დეველოპერული კომპანიებისთვის, მათ შორის "ემ კვადრატისა" და "არქისთვის".
კომპანია "ანაგი" კერძო სექტორის სამშენებლო პროექტების განხორციელებასთან ერთად დაკავებულია სახელმწიფო კონტრაქტების შესრულებითაც. კომპანიამ რამდენიმე დღის წინ გაიმარჯვა თავდაცვის სამინისტროს მიერ გამოცხადებულ "ჯარის ქალაქის" 144-მილიონიან ტენდერში. კომპანია ასევე აშენებს პოლიციის ქალაქის 125-მილიონიან პროექტს და დევნილების საცხოვრებლებს თბილისში 245 მილიონ ლარად და ქუთაისსა და ზუგდიდში დევნილების საცხოვრებლებს 268 მილიონ ლარად.
თავდაცვის სამინისტროსთვის ახალ "ჯარის ქალაქს" ₾144 მილიონად "ანაგი" ააშენებს