2023 წლის 11 თვეში საქართველოს საექსპორტო პროდუქტებს შორის ყურძნის ნატურალური ღვინოები მეორე ადგილზეა. ოფიციალური სტატისტიკით, წელს, ქვეყნიდან 239.3 მლნ აშშ დოლარის 83.1 ათასი ტონა ღვინო გაიყიდა.
როგორც კომპანია „ბადაგონის“ დამფუძნებელმა, გიორგი სალაყაიამ BM.GE-სთან განაცხადა, მიმდინარე წელს ექსპორტის მოცულობები 42%-ით გაეზარდათ, ხოლო მომავალ წელს, მოცულობების კიდევ 10%-ით ზრდას აპირებენ.
ამ ეტაპზე, კომპანია "ბადაგონი" მსოფლიოში 33 ქვეყანაშია წარმოდგენილი და მათგან ყველაზე აქტიური საექსპორტო ბაზრები, წელს პოლონეთის, ჩინეთისა და გერმანიის ბაზრები იყო.
„2023 წელს, 12.8 მლნ ბოთლი ვაწარმოეთ, რომლის სრულად რეალიზებაც შევძელით. თუმცა, კლიმატური პირობებიდან გამომდინარე გაფუჭებული ყურძნის მოსავალმა, ხარჯები გაგვიზარდა და როგორც საექსპორტო ბაზრებზე, ასევე ადგილობრივ ბაზარზე პროდუქციის ფასების 7-8%-ით ზრდა განაპირობა.
აღსანიშნავია, რომ მომავალი წლის წარმოებული პროდუქციის 100% უკვე დაკონტრაქტებულია და ექსპორტზეც უკვე არსებულ ბაზრებზე გავა. აქედან გამომდინარე, საწარმოში არის სტაბილური მდგომარეობა და მეტიც, მოდერნიზაციას ვაპირებთ, მეორე საწარმოს განვითარების კუთხით. ჩვენი წარმოებიდან, 22%-ის რეალიზაცია ადგილზე ხდება, ხოლო დანარჩენი 78%-ს ექსპორტზე გადის.
ამჟამად ორი საწარმო გვაქვს. პირველი, ძირითადი საწარმო ახმეტის რაიონში, სოფელ ზემო ხოდაშენში მდებარეობს, ხოლო მეორე საწარმო სოფელ მანავშია განთავსებული, რომლებიც ულტრა თანამედროვე ტექნიკით არიან აღჭურვილი. მომავალ წელს, სწორედ სოფელ მანავში მდებარე საწარმოს განვითარებას ვგეგმავთ, რომლის განვითარებისთვისაც დამატებით 3 მლნ ლარის ინვესტიციის განხორციელებაა დაგეგმილი,“ - აცხადებს სალაყაია.
აღსანიშნავია, რომ კომპანიაში ჯამში 1500 ადამიანია დასაქმებული, თუმცა წარმოების ზრდასთან ერთად, ახალი კადრების დამატებაც იგეგმება.
მისივე ცნობით, 2023 წელს პირველად მოხდა ყურძნის მიღება, რომელიც კონკრეტულად, კლასიკური მეთოდით ცქრიალა ღვინოს გამოსაშვებადაა გამოყვანილი. მისი გამოშვება, მომავალი წლის ბოლოს იგეგმება.