იურიდიულ დოკუმენტებზე ხელმოწერის ელექტრონულმა პლატფორმა Signify-მ, რომელიც 2021 წელს შეიქმნა, ამოქმედების დღიდან ნახევარ მილიონზე მეტი უნიკალური მომხმარებელი დააგროვა. პლატფორმის მისიასა და შექმნის იდეაზე BMGTV-ის გადაცემა “საქმიანი დილას” ეთერში მისი აღმასრულებელი დირექტორი, ზვიად წოწკოლაური საუბრობს.
“ციფრული ტექნოლოგიების ბუმისა და ხელოვნური ინტელექტის ეპოქაში ადამიანების ქცევა 90-იანების ქცევას რომ შევადაროთ, სრულიად შეცვლილია. ახლობლებთან დასარეკად ქუჩის ტელეფონის ჯიხურების ნაცვლად მობილურებს ვიყენებთ, სოციალური მედიით ვიგებთ სიახლეებს და ა.შ. თუმცა, როდესაც საქმე იურიდიულ დოკუმენტებამდე მიდის, თითქოს ისევ იმ წლებში ჩავრჩით: ისევ ქაღალდის ამობეჭდვა, ოფისიდან ოფისში სირბილი, ხელის მოწერის გაწელილი პროცესი გვჭირდება და არც ამით მთავრდება. კომპანიებში გვაქვს არქივები, სადაც თაროები გავსებულია საქაღალდეებით, და ღმერთმა ნუ ქნას, რომელიმე კონკრეტული დოკუმენტის მოძებნა დაგჭირდეს.
Signify-ის მისიაა, ეს პროცესი გავამარტივოთ. პლატფორმა საშუალებას აძლევს ბიზნესებს, რომ ციფრულად შექმნან, გააგზავნონ, მიიღონ ხელმოწერილი დოკუმენტები და შეინახონ”, - ამბობს ზვიად წოწკოლაური.
აღმასრულებელი დირექტორი აღნიშნავს, რომ გასულ წელს Signify-ის საშუალებით ხელი მილიონზე მეტ დოკუმენტს მოეწერა.
“2023 წლის განმავლობაში ერთ მილიონზე მეტ დოკუმენტს მოეწერა ხელი ჩვენს პლატფორმაზე და, ჩვენი არსებობის ისტორიაში, საქართველოს მასშტაბებისთვის ძალიან დიდ რიცხვებზე გავედით, გვახარებს, რომ გავცდით ნახევარ მილიონზე მეტ უნიკალურ მომხმარებელს, ვინც ერთხელ მაინც მიიღო ან ხელი მოაწერა დოკუმენტს ჩვენი პლატფორმის მეშვეობით.
გარდა ამისა, შარშან Signify-ის საშუალებით ხელმოწერილი დოკუმენტების რაოდენობა რომ ფურცლებში გადავიყვანოთ, იმის გათვალისწინებით, თუ რამდენი ფურცელი მზადდება ერთი ხისგან, ვიგებთ, რომ ამ დოკუმენტების გაციფრულებით 1000-ზე მეტი ხე დაიზოგა”, - ამბობს კომპანიის CEO.
Signify “თიბისის” 2023 წლის ბიზნესდაჯილდოების ფინალისტია, რაც მისი აღმასრულებელი დირექტორისათვის დადასტურებაა, რომ კომპანიამ გაამართლა.
“როდესაც პროდუქტზე მუშაობა პირველად დავიწყეთ, ძალიან ბევრ მოსაზრებას ვისმენდით, მათი დიდი ნაწილი კი სკეპტიკური იყო, იმუშავებდა თუ არა პლატფორმა. დღევანდელი გადმოსახედით ჩანს, რომ ძალიან კარგად ვართ, ნებისმიერი ინდუსტრიის პირველი თუ მეორე მოთამაშე ჩვენი მომხმარებელია, 500-მდე კომპანიასთან ვთანამშრომლობთ და პროექტებს ყველა მიმართულებით ვახორციელებთ.
სტარტაპერისთვის არაფერია იმაზე მნიშვნელოვანი, ვიდრე აღიარება, რომ ვიღაც შენს საქმიანობას ხედავს, განსაკუთრებით მაშინ, როდესაც ეს ასეთი მასშტაბური კონკურსის ფინალისტობასა და შემდეგ გამარჯვებაში გამოიხატება”, - ამბობს ზვიად წოწკოლაური.