CBD Development-მა, რომელიც თბილისის ერთ-ერთ უმსხვილეს სავაჭრო ცენტრს "ისთ ფოინთის" მოლს ფლობს, 2023 წლის ფინანსური ანგარიში გამოაქვეყნა. დოკუმენტის თანახმად, გასულ წელს სავაჭრო ცენტრმა 38.5 მილიონი ლარის შემოსავალი მიიღო, რაც 2022 წელთან შედარებით 1.7 მილიონი ლარით მეტი იყო.
სავაჭრო ცენტრი "ისთ ფოინთი" 2015 წელს გაიხსნა, ღია ტიპის სავაჭრო ცენტრი განთავსებულია 107,000 კვადრატული მეტრის ფართობზე, საიდანაც 72,000 კვადრატული მეტრი მეტრი ეთმობა საიჯარო ფართებს. ფინანსური ანგარიშის თანახმად, გასული წლის მდგომარეობით, კომპანიის საიჯარო ფართის 98% ათვისებულია.
"სავაჭრო ცენტრის ყოველდღიური ვიზიტორების რაოდენობა განისაზღვრა 22,000 ადამიანით დღეში სამუშაო დღეებში და 30,000 ადამიანით დღეში - შაბათ-კვირას. ძირითადად მისი ღია სტრუქტურიდან გამომდინარე, თბილი თვეები (აპრილიდან ოქტომბრამდე) უფრო აქტიურია. ასევე, დატვირთულია საშობაო პერიოდი, მომხმარებელს იზიდავს ნაძვის ხე და დეკორაციები, რომლებიც იდგმება ნოემბრის ბოლოდან იანვრის შუა რიცხვებამდე,"- ნათქვამია კომპანიის მმართველობით ანგარიშში.
ფინანსური ანგარიშის მიხედვით, 2023 წელს სავაჭრო ცენტრის წმინდა მოგებამ 27 მილიონი ლარი შეადგინა. დოკუმენტის მიხედვით, გასულ წელს კომპანიამ თანამშრომელთა ანაზღაურებებზე 8.7 მილიონი ლარი დახარჯა, ხოლო ადმინისტრაციული ხარჯები 4 მილიონი ლარი იყო.
დოკუმენტის თანახმად, "ისთ ფოინთის" აქტივები 165 მილიონ ლარს, ხოლო ვალდებულებები 158 მილიონი ლარი იყო.
სავაჭრო ცენტრის დამფუძნებელია საერთაშორისო საინვესტიციო Quadrum Investment Management Limited-ი, რომელიც ისთ ფოინთის გარდა საქართველოში "თბილისი გარდენსის" და სამშენებლო მასალების ჰიპერმარკეტ "დომინოს" პროექტსაც ფლობს. საინვესტიციო ფონდს საქართველოს გარდა უძრავი ქონების აქტივები ეკუთვნის ლონდონში, ნიუ-იორკში, ნიუ-ჯერსიში, კიევში, ჩიკაგოში, მაიამისა და ორლანდოში. Quadrum Investment Management Limited-ის თანახმად, ჯგუფის CEO-ს პოსტს ბიზნესმენი ოლეგ პავლოვი იკავებს.