2023 წელს სტიქიური გეოლოგიური პროცესების გააქტიურებამ დასავლეთ საქართველოში ფონურ მდგომარეობას გადააჭარბა. ამის შესახებ გარემოს ეროვნული სააგენტოს მიერ გამოცემულ „საქართველოში 2023 წელს სტიქიური გეოლოგიური პროცესების განვითარების შედეგები და პროგნოზი 2024 წლისთვის“ ბიულეტენშია აღნიშნული.
დოკუმენტში ასახულია გეოლოგიური მონიტორინგის და სტიქიის ექსტრემალური გააქტიურების პერიოდში ჩატარებული კვლევების შედეგად დამუშავებული გეოლოგიური საფრთხეების შესახებ ინფორმაცია, მათ შორის, მეწყერი, ღვარცოფი, კლდეზვავი, ქვათაცვენა და სხვა.
დოკუმენტში აღნიშნულია, რომ 2023 წელს რეგიონული მონიტორინგის და სხვადასხვა მიმართულების გეოლოგიური კვლევების დროს საქართველოს მასშტაბით შეფასებული იქნა ყველა მხარის 1545 დასახლებული პუნქტი და გეოლოგიური საშიშროების ქვეშ მყოფი ინფრასტრუქტურული ობიექტი, მათ შორის აჭარის ავტონომიური რესპუბლიკა და თბილისის ტერიტორია.
2023 წლის განმავლობაში მონიტორინგის პერიოდში გეოლოგიის დეპარტამენტის მიერ ჯამში 973 საფრთხის შემცველი უბანი შეფასდა და თითოეული მათგანისთვის წინამდებარე ბიულეტენში, მხარეების და მუნიციპალიტეტების მიხედვით, დამცავი პრევენციული ღონისძიებების გასატარებლად რეკომენდაციები გაიწერა.
„საქართველოში 2023 წელს სტიქიური გეოლოგიური პროცესების განვითარების შედეგები და პროგნოზი 2024 წლისთვის“ ბიულეტენის მიხედვით, გეოლოგიური მონიტორინგის დროს ყველაზე მეტი უბანი 2023 წელს აჭარასა და სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონებში შეფასდა.
ბიულეტენის ავტორების ცნობით, ადგილობრივი თვითმმართველობებისა და ცალკეული უწყებების თხოვნის, ასევე „112“-დან და გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს „ცხელი ხაზიდან“ შემოსული შეტყობინებების საფუძველზე, სააგენტოს მიერ შედგა 886 ვიზუალური საინჟინრო-გეოლოგიური დასკვნა, სადაც შეფასებულია 1335 დასახლებულ პუნქტში მცხოვრები 3 972 მოსახლის საკარმიდამო მიწის ნაკვეთის, საცხოვრებელი სახლის და მიმდებარე ტერიტორიის გეოდინამიკური მდგომარეობა, ასევე შეფასდა და შესაბამისი რეკომენდაცია გაიცა 105 ინფრასტრუქტურულ ობიექტზე.
ბიულეტენში აღნიშნულია, რომ ეკომიგრანტის სტატუსით მდგრად ადგილზე გადაყვანას 1 348 ოჯახი (მათგან 846 დაკავშირებულია გურიის 2023 წლის 8 სექტემბრის კატასტროფული ხასიათის სტიქიასთან) დაექვემდებარა, ხოლო 120 მოქალაქეს საცხოვრებელი სახლის დემონტაჟის და ქვეყანაში მოქმედი სამშენებლო ნორმების და წესების სრული დაცვით საკარმიდამო ნაკვეთის მდგრად უბანზე ახალი საცხოვრებელი სახლის მშენებლობის რეკომენდაცია მიეცა. ასევე თბილისის ტერიტორიაზე მცხოვრები 3 ოჯახის საკარმიდამო ნაკვეთის შესახებ მომზადდა წინმსწრები გეოლოგიური დასკვნები.
„2023 წელს ჩატარებული კვლევებით დადგინდა, რომ საანგარიშო წელს სტიქიური გეოლოგიური პროცესების გააქტიურების ტენდენციამ, დასავლეთ საქართველოში მნიშვნელოვნად გადააჭარბა ფონურ მდგომარეობას, ხოლო აღმოსავლეთ საქართველოში ძირითადად იგივე იყო (ფონურის ფარგლებში), როგორც გასულ წელს. გურიის მხარეში 2023 წლის 8 სექტემბრის სტიქიით გამოწვეულმა უარყოფითმა შედეგებმა (ადამიანთა მსხვერპლი, ათეულობით მილიონი ლარის ზარალი და სხვა), რეგიონის ჭრილში არათუ ფონურს, არამედ ისტორიულ მაქსიმუმსაც კი გადააჭარბა. ბუნებრივი ფაქტორების კომპლექსურობის და დროის მოკლე მონაკვეთში განვითარების მასშტაბების გათვალისწინებით, იშვიათ კატასტროფას წარმოადგენს 2023 წლის 3 აგვისტოს შოვის სტიქია (რაჭა-ლეჩხუმ-ქვემო სვანეთის მხარე), რომლის დროსაც მდ. ბუბისწყლის ხეობაში განვითარებულმა ჰიდრომეტეოროლოგიურმა და გეოლოგიური მოვლენების თანხვედრამ კატასტროფული პროცესის ჩასახვა-გააქტიურება განაპირობა, რამაც თავის მხრივ გამოიწვია ადამიანთა მსხვერპლი (33 ადამიანი) და ათეული მილიონი ლარის ზარალი. მსგავსი მასშტაბის და კომპლექსური ხასიათის პროცესს მდ. ბუბისწყლის ხეობაში, მინიმუმ ბოლო ორი ასწლეულის განმავლობაში ადგილი არ ჰქონია“, - აღნიშნულია 2023 წლის გეოლოგიურ საინფორმაციო ბიულეტენში.
ამავე გამოცემაში წარმოდგენილია საქართველოს ტერიტორიაზე საანგარიშო წელს განხორციელებული სხვადასხვა მიმართულების კვლევებით მიღებული ინფორმაციის შედეგები და მისი ანალიზის საფუძველზე მოცემულია ის ქმედებები, რომელთა განხორციელება მომავალში გათვალისწინებული უნდა იყოს.