გარემოს ეროვნულმა სააგენტომ გეოლოგიური ბიულეტენი გამოაქვეყნა, სადაც დეტალურად არის აღწერილი საქართველოს ტერიტორიაზე გეოლოგიური პროცესების განვითარების რისკები, პრევენციის გზები და რეკომენდაციები.
ბიულეტენის მიმართ საზოგადოების დაინტერესება განსაკუთრებით გასული წლის შოვის ტრაგედიის შემდეგ გაიზარდა. ასევე, ამ დროს გაჩნდა საზოგადოების მოთხოვნა წინასწარი მონიტორინგისა და გაფრთხილების სისტემების მოწყობაზე, რომელსაც ამ დრომდე საქართველოში სრულად უცხოელი დონორები აფინანსებენ.
ღვარცოფული პროცესები საფრთხეს უქმნის ცენტრალურ საავტომობილო გზას და კურორტ შოვის ინფრასტრუქტურულ ობიექტებს - ამის შესახებ გარემოს ეროვნული სააგენტოს 2021 წლის ყოველწლიურ გეოლოგიურ ბიულეტენში ეწერა.
ბიულეტენში ასევე დეტალურადაა პროგნოზირებული 2024 წელს მოსალოდნელი სტიქიების არეალები, სადაც ნებისმიერ დაინტერესებულ პირს შეუძლია მიიღოს ინფორმაცია საკუთარი საცხოვრებელი გარემოს გეოლოგიური მდგრადობის შესახებ.
გარემოს ეროვნული სააგენტოს 2023 წლის გეოლოგიური ბიულეტენის მიხედვით, საქართველოში ყველაზე მეტად სტიქიური ზონა აჭარაა.
რეგიონში სხვადასხვა სტიქიის არეალში 308 დასახლებული პუნქტია მოქცეული. მათ შორის 132 დასახლებული პუნქტია მოქცეული მაღალი რისკის ზონაში, საშუალოში - 119, დაბალში - 57. ხოლო, ძალიან დაბალში მხოლოდ 21 დასახლებული პუნქტი.
გურია
გეოლოგიური ბიულეტენის მიხედვით, სტიქიური მოვლენების მეტ-ნაკლები საფრთხის ქვეშ გურიის 180 დასახლებული პუნქტია მოქცეული. მათ შორის, მაღალი საშიშროების რისკის ქვეშ მოქცეულია - 79; დაბალი - 32; ძალიან დაბალი - 11.
ბიულეტენში აღნიშნულია, რომ ადგილობრივი მუნიციპალიტეტის თხოვნის საფუძველზე შედგა 30 ვიზუალური საინჟინრო-გეოლოგიური დასკვნა, სადაც შეფასდა 2 603 ოჯახის საკარმიდამო ნაკვეთი და საცხოვრებელი სახლი. აქედან, 965 ოჯახზე გაიცა გეოლოგიურად მდგრად ადგილზე გადაყვანის რეკომენდაცია.
სამეგრელო-ზემო სვანეთის მხარე
მხარეში მაღალი რისკის ზონაში დასახლებული პუნქტების 22%-ია, რაც რეგიონების უმეტესობის მაჩვენებელზე მკვეთრად დაბალია.
დაზიანების მაღალი რისკის ქვეშაა - 115, საშუალო - 159, დაბალი - 162, ძალიან დაბალი - 94 დასახლებული პუნქტი.
იმერეთი
იმერეთის მხარეში 12 მუნიციპალიტეტი და 549 დასახლებული პუნქტია, აქედან მაღალი საშიშროების გავრცელების რისკის ზონაში მოქცეულია - 97, საშიშროების საშუალო გავრცელების რისკის ზონაში - 170, დაბალი - 168, ხოლო ძალიან დაბალი - 111 დასახლებული პუნქტი.
ანგარიშის მიხედვით, მხარის ყველა მუნიციპალიტეტებისთვის მთავარი საფრთხე მეწყრული პროცესებია, რაც საფრთხეს ხშირ შემთხვევაში საცხოვრებელ სახლებსაც უქმნის.
გეოლოგიურ ბიულეტენში წერია, რომ იმ შემთხვევაში, თუ 2024 წელს მოსული ატმოსფერული ნალექების რაოდენობა საშუალო მრავალწლიური ნორმის შესატყვისი იქნება, მეწყრული და ღვარცოფული პროცესებიც საშუალო ფონური დონის ფარგლებში დარჩება.
რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთის მხარე
გასული საუკუნის 80-იანი წლებიდან 2023 წლამდე ჩატარებული გეოლოგიური კვლევების მიხედვით, მხარეში შემავალი 256 დასახლებული პუნქტიდან, საშიში გეოლოგიური პროცესების მოქმედების მაღალი რისკის ზონაში მოქცეულია - 92, საშუალო რისკის ზონაში 105, დაბალი რისკის ზონაში 46, ხოლო ძლიერ დაბალი 13 დასახლებული პუნქტი.
გარემოს ეროვნული სააგენტოს მიერ გასულ წელს მხარეში საინჟინრო გეოლოგიური დასკვნა 236 ოჯახის საკარმიდამო ნაკვეთსა და საცხოვრებელ სახლზე გაიცა, საიდანაც 102 არ ექვემდებარება ადგილზე ცხოვრების გაგრძელებას და მათი გეოლოგიურად მდგრად ადგილებზე გაყვანის რეკომენდაცია გაიცა.
2023 წელს რაჭა-ლეჩხუმი ქვემო სვანეთის მხარეში დაფიქსირდა აქტიურ დინამიკაში მყოფი 36 მეწყრული სხეული, 12 ღვარცოფული წყალსადინარი და ქვათაცვენა/კლდეზვავის 5 უბანი.
ბიულეტენში ასევე დეტალურად არის საუბარი 3 აგვისტოს შოვში მომხდარ ტრაგედიაზე, რასთან დაკავშირებითაც უწყებამ საკუთარი დასკვნა ტრაგედიიდან რამდენიმე კვირაში გამოაქვეყნა.
სამცხე-ჯავახეთი
მხარე მოიცავს 6 მუნიციპალიტეტს და 271 დასახლებულ პუნქტს. ბიულეტენის მიხედვით, დაზიანების მაღალი რისკის ქვეშაა 25, საშუალო - 46, დაბალში - 51, ძლიერ დაბალში - 149 დასახლებული პუნქტი.
გარემოს ეროვნული სააგენტო წერს, რომ ადგილობრივი მუნიციპალიტეტების თხოვნით 2023 წელს შეფასდა 38 მოსახლის საცხოვრებელი არეალი, საიდანაც მხოლოდ 13-ზე გაიცა სხვა ადგილზე გადაყვანის რეკომენდაცია.
შიდა ქართლი
2023 წლის მონიტორინგის კვლევის შედეგებით დადგინდა, რომ მხარეში შემავალი 361 დასახლებული პუნქტიდან საშიში გეოლოგიური პროცესების ზემოქმედების პროცესების მაღალი რისკის ზონაში მოქცეულია 26, საშუალო რისკის ზონაში - 22, დაბალი რისკის ზონაში - 51, ძლიერ დაბალი - 262 დასახლებული პუნქტი.
ხაშურის მუნიციპალიტეტის შეფასებისას ბიულეტენში წერია, რომ თბილისი-სენაკი-ლესელიძის გზის გასწვრივ, რიკოთის გვირაბის აღმოსავლეთ პორტალთან, სამხრეთული ექსპოზიციის კედლის ძირში, 2.5 მ-მდე დამცავი კედლის მიღმა სივრცე კლდოვანი ქანების გამოფიტვის შედეგად ჩამოშლილი მასისგან კვლავ თითქმის მთლიანადაა ამოვსებული. ამიტომ, აუცილებელია მისი მთლიანი გაწმენდა. ეს გამორიცხავს ახალი ჩამოშლის საფრთხეს და ავტომაგისტრალზე მოძრაობის შეფერხებას.
მცხეთა-მთიანეთი
მხარის ფარგლებში, დაზიანების მაღალი რისკის ქვეშაა - 195, საშუალო - 138, დაბალი - 58, ხოლო ძლიერ დაბალი - 95 დასახლებული პუნქტი.
შედეგად, მხარეში დასახლებული პუნქტების 40% მაღალი რისკის ზონაშია მოქცეული.
ქვემო ქართლი
მხარეში მოქცეულია 364 დასახლებული პუნქტი. 2023 წელს წარმოებული კვლევების შედეგების მიხედვით, აქედან, მაღალი საშიშროების რისკის ზონაშია 25, საშუალო - 43, დაბალი - 34, ძლიერ დაბალი - 262 დასახლებული პუნქტი.
ქვემო ქართლის ტერიტორიაზე საშიში გეოლოგიური პროცესების ჩასახვა-განვითარების და რეაქტივაციის მთავარი მაპროვოცირებელი კლიმატია.
კახეთის მხარე
კახეთის მხარე მოიცავს 342 დასახლებულ პუნქტს. აქედან მაღალი საშიშროების რისკის ქვეშაა - 23, საშუალო - 79, დაბალი - 68, ძლიერ დაბალი - 172 დასახლებული პუნქტი.
ბიულეტენის მიხედვით, კახეთის მთავარ პრობლემას წლის, ან დროის მცირე მონაკვეთში ერთდროულად მოსული ატმოსფერული ნალექები წარმოადგენს.
გასულ წელს, ატმოსფერული ნალექების ყველაზე დიდი მასშტაბი თელავში დაფიქსირდა.
თბილისი
გამომდინარე იქიდან, რომ დედაქალაქში ოპტიმალურად ასათვისებელი ფართობი თითქმის აღარ არის, ქალაქის გაფართოება იმ არეალებში დაიწყო, სადაც ადრე გეოლოგიური და საინჟინრო ნორმებიდან გამომდინარე, მშენებლობა დაუშვებლად ითვლებოდა.
ბიულეტენის მიხედვით დედაქალაქში 32 მაღალი და 13 საშუალო რისკის ზონაა.
დოკუმენტში საუბარია იმ საფრთხეებზეც, რომელიც შესაბამისი პირობების (უპირველეს ყოვლისა, უხვი ატმოსფერული ნალექების მოსვლა და მიწისძვრები) წარმოქმნის შემთხვევაში, შესაძლოა, განვითარდეს. ამასთან, თბილისში დასახელებულია უბნები, სადაც გეოლოგიური პროცესების გააქტიურებაა მოსალოდნელი.
ადრეული გაფრთხილებისა და მონიტორინგის სისტემები
საქართველოს ამ ეტაპზე სულ 18 მონიტორინგისა და ადრეული გაფრთხილების სისტემა აქვს.
აქედან, 11 გასული წლის პირველ ნახევარში მოეწყო.
გასულ წელს, საქართველოში 11 ადრეული გაფრთხილებისა და მონიტორინგის სისტემა დაფინანსდა, ყველა სისტემა უცხოური გრანტის UNDP/GCF-ის პროგრამის “კლიმატური ცვლილებების შესაძლებლობების გაძლიერება საქართველოში" მოეწყო.
გარემოს ეროვნული სააგენტოს მიერ გამოქვეყნებული საინფორმაციო გეოლოგიური ბიულეტენის თანახმად, სწორედ ამ სადგურებზე დაყრდნობით არის გაანალიზებული რეგიონული მონიტორინგისა და ფორსმაჟორული სიტუაციების დროს მიღებული ინფორმაცია.