2023 წელს გერმანიის ეკონომიკის მოცულობა 0.3%-ით შემცირდა, რაც იმას ნიშნავს, რომ ქვეყანა ფაქტობრივად რეცესიულ მდგომარეობაშია.
IMF-ის პროგნოზით, გასულ წელს ევროპის უმსხვილესი ეკონომიკა 1.8%-ით უნდა გაზრდილიყო, თუმცა რეალობა პროგნოზზე გაცილებით უარესი აღმოჩნდა.
გერმანიის მთლიანი შიდა პროდუქტის მოცულობის შემცირება რიგი ფაქტორებითაა განპირობებული, მათ შორის უმნიშვნელოვანესი კი გაზრდილი ინფლაცია და მის დასაძლევად გამკაცრებული მონეტარული პოლიტიკაა. ასეთ პირობებში კი, მოგეხსენებათ, ეკონომიკური ზრდის მიღწევა საკმაოდ რთულია.
გასული წლის განმავლობაში ინდუსტრიული წარმოების ინდექსი 2%-ით შემცირდა; ინვესტიციების მოცულობა 0.3%-ით დაეცა; მთავრობის ხარჯები კი 1.7%-ით შემცირდა. რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, იკლო კერძო სექტორის ბრუნვამ, ამ ფაქტორების გაერთიანებამ კი მშპ-ის ზრდაზე ნეგატიური გავლენა იქონია.
ქვეყნის უმსხვილესი საფინანსო ორგანიზაციის, Deutsche Bank-ის შეფასებით, რეცესია წელსაც გაგრძელდება.