მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

2023 წელს კინოინდუსტრიის ხელშეწყობისთვის ₾2.1 მლნ დაიხარჯა - როგორია პროგრამის შედეგები?

კინო

კინოინდუსტრიის განვითარების პროგრამის ფარგლებში 2023 წელს 11 ახალი ხელშეკრულება გაფორმდა, რომლის ფარგლებშიც გასაწევი კვალიფიციური ხარჯის მოცულობა 20 მლნ ლარს აღემატება. ამის შესახებ სახელმწიფო პროგრამის განმახორციელებელი სააგენტოს "აწარმოე საქართველოში" წლიურ ანგარიშშია აღნიშნული.

ანგარიშის მიხედვით, გასულ წელს პროექტების ფარგლებში შეიქმნება 3 570 დროებითი სამუშაო ადგილი, ხოლო სააგენტოს მიერ გაცემულმა თანხამ 2 111 474 ლარი შეადგინა.

აღსანიშნავია, რომ კინოინდუსტრიის განვითარების ხელშემწყობი პროგრამა ამოქმედდა 2016 წლიდან და მისი მიზანია ადგილობრივი კინოინდუსტრიის განვითარების ხელშეწყობა, უცხოური კინოწარმოების მოზიდვა, ადგილობრივი კინოინდუსტრიის ბაზრის ზრდა, ქვეყნის ტურისტული პოტენციალის განვითარება, პირდაპირი უცხოური ინვესტიციების ზრდა. დაინტერესებულ ქართველ და უცხოელ მწარმოებლებს შეუძლიათ ისარგებლონ კვალიფიციური ხარჯის 20-25%-ის უკან დაბრუნების პროგრამით.

როგორც მონაცემებიდან ჩანს, 2016-2020 წლებში ჯამურად მეტი ხელშეკრულება გაფორმდა, ვიდრე 2021-2023 წლებში. უფრო დეტალურად, წლების მიხედვით შედეგები ასეთია:

  • 2016-2020 წლები - 23 პროექტი/კვალიფიციური ხარჯი ₾85 მლნ/გაცემული თანხა ₾18.3 მლნ;
  • 2021 წელი - 1 პროექტი/კვალიფიციური ხარჯი ₾505 400/გაცემული თანხა ₾130 149;
  • 2022 წელი - 6 პროექტი/კვალიფიციური ხარჯი ₾11.3 მლნ/გაცემული თანხა ₾56 711;
  • 2023 წელი - 11 პროექტი/კვალიფიციური ხარჯი ₾20.6 მლნ/გაცემული თანხა ₾2.1 მლნ.

ამასთან, პროგრამის ფარგლებში გასულ წელს შემდეგი აქტივობები განხორციელდა:

  • სახელმწიფო პროგრამის „გადაიღე საქართველოში“ ფარგლებში კანის საერთაშორისო კინოფესტივალზე 2023 წლის 16-დან 25 მაისის ჩათვლით მოხდა ქართველი რეჟისორებისა და პროდიუსერების წარდგენა, ასევე, ქართული პავილიონის დაქირავება (საქართველოს ეროვნულ კინოცენტრთან პარტნიორობით). აღნიშნულ სივრცეში გაიმართა შეხვედრები საერთაშორისო კინო კომპანიებსა და პროდიუსერებთან;
  • 2023 წლის 22 მაისს, ქართული ფილმების გაყიდვების ზრდისა და კომერციალიზაციის ხელშეწყობის მიზნით, კანის საერთაშორისო კინოფესტივალის ოფიციალური მარკეტის ფარგლებში გაიმართა ორი ქართული ფილმის „სად მიდის ლიზა“ და „ჰაერი ლურჯი აბრეშუმია“ ჩვენება, რომლებზეც მოწვეული იყვნენ საერთაშორისო გაყიდვების კომპანიები და ე.წ. „ბაიერები“.
  • 2023 წლის 12-დან 15 ივნისის ჩათვლით ქართველი ანიმატორები წარდგენილი იყვნენ ანესის საერთაშორისო კინოფესტივალზე საქართველოს ოფიციალური სტენდით. მათ საშუალება ჰქონდათ, გასცნობოდნენ მსოფლიოს უახლეს ტენდენციებსა და შესაძლებლობებს.
  • 1-5 მაისის ჩათვლით, ქართველი კინო მწარმოებლების კვალიფიკაციის ამაღლების მიზნით გაიმართა 5-დღიანი ინტენსიური ტრენინგები პროდიუსინგისა და ლოკაციების მენეჯმენტის მიმართულებით, რომლებსაც უძღვებოდნენ ჰოლივუდის წამყვანი პროფესიონალები. აღნიშნული პროგრამის ფარგლებში ქართული საპროდიუსერო კომპანიების 21-მა წარმომადგენელმა აიმაღლა კვალიფიკაცია.
  • 2023 წლის 1-5 ნოემბრის ჩათვლით სახელმწიფო პროგრამის „გადაიღე საქართველოში“ მხარდაჭერით საქართველო წარდგენილი იყო ოფიციალური სტენდით ამერიკის კინო მარკეტზე, სადაც კინოინდუსტრიის ქართველ წარმომადგენლებს საშუალება მიეცათ, დაემყარებინათ კონტაქტი საერთაშორისო პროდიუსერებთან.
  • 2023 წელს დაინერგა „გადაიღე საქართველოში“ პროგრამის განახლებული სოფტი, რომლის გამოყენებითაც ბენეფიციარს შეუძლია ყველა სახის დოკუმენტაცია და გადაღებების მსვლელობის შესახებ ინფორმაცია წარმოადგინოს ონლაინ.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები