“მანქანების რაოდენობა გაზრდილია, რის გამოც გასულ წელს გარდაცვალების მეტი შემთხვევა დაფიქსირდა” - ამ საკითხზე შინაგან საქმეთა მინისტრმა, ვახტანგ გომელაურმა, პარლამენტში, “მინისტრის საათის” ფორმატში სიტყვით გამოსვლისას ისაუბრა.
მისი თქმით, ქვეყანაში რეგისტრირებული ავტო- და მოტოტრანსპორტის რაოდენობის ზრდა უფრო მეტ ავტოსაგზაო შემთხვევას იწვევს. გომელაურმა იმავე მიზეზით ახსნა საცობების პრობლემაც.
“2023 წელს ავარიით გარდაცვალების 12 ფაქტით მეტი დაფიქსირდა, ვიდრე 2022 წელს. 2008 წელს საქართველოში რეგისტრირებული მანქანების რაოდენობა 630 ათასი იყო, 2011 წელს - 785 ათასი, დღეს კი - 1,7 მილიონი მანქანაა რეგისტრირებული. ამასთანავე, იზრდება მოტოტექნიკის რაოდენობაც, რომლებიც, სამწუხაროდ, იმ ავარიების ხშირი მონაწილეები არიან, რომლებიც გარდაცვალებით მთავრდება. თუ 2011 წელს საქართველოში 3 100 მოტოტექნიკა იყო რეგისტრირებული, დღეს 33 552-მდეა გაზრდილი.
ავტოსაგზაო შემთხვევების ზრდა სამწუხარო ფაქტია, რა თქმა უნდა, თუმცა მანქანების რაოდენობაც მილიონითაა გაზრდილი, მოტოტექნიკის კი 30 ათასით. საცობებს ხან მერიას ვაბრალებთ, ხან ბატონ კალაძეს, რეალურად კი მიზეზი ისაა, რომ მანქანებმა ძალიან მოიმატეს ქვეყანაში და ამის გამო ხდება საცობებიც და იმატებს ავარიებიც”, - განაცხადა ვახტანგ გომელაურმა.
შსს-ს სტატისტიკაზე დაყრდნობით, 2023 წელს ავტოსაგზაო შემთხვევებს 442 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა, დაშავდა - 7 310 ადამიანი. 2022 წელს კი ავარიით გარდაცვალების შემთხვევები 430 იყო.