მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

2023 წელს ქვეყანაში სასაკლაოების წარმადობა რაოდენობა გაიზარდა, მომსახურება - გაძვირდა

საქსტატი

2023 წელს საქართველოში ცხოველთა და ფრინველთა სასაკლაოების რაოდენობა გასულ წელთან შედარებით 9 ერთეულით გაიზარდა და ქვეყანაში სულ 144 სასაკლაო ფუნქციონირებდა.

საქსტატის მიერ დღეს გამოქვეყნებული სასაკლაოების, ელევატორების და სამაცივრე მეურნეობების გამოკვლევის ძირითადი 2023 წლის შედეგების მიხედვით, სასაკლაოების 18.1% - კახეთის რეგიონში, 17.4% - ქვემო ქართლის რეგიონში, 14.6% - შიდა ქართლის რეგიონში, 14.6% - იმერეთის რეგიონში, 11.1% - სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონში მდებარეობს, ხოლო დანარჩენი 24.3% სხვა რეგიონებშია განთავსებული.

სასაკლაოების რაოდენობის ზრდასთან ერთად 2023 წელს გაიზარდა სასაკლაოებში დაკლული პირუტყვის მოცულობები, რამაც წლის განმავლობაში 469.3 ათასი სული პირუტყვი შეადგინა. მათ შორის 36.8% - მსხვილფეხა რქოსანი პირუტყვი, ხოლო 63.2% - წვრილფეხა (ცხვარი, თხა, ღორი და სხვა). გარდა ამისა, საანგარიშო პერიოდის განმავლობაში სასაკლაოებში დაკლული ფრინველის რაოდენობა 12 689.8 ათასი ერთეულით განისაზღვრა.

სასაკლაოების მიერ 2023 წლის განმავლობაში 60 618.2 ტონა ხორცი იწარმოვა, რაც 2022 წლის მაჩვენებელს 8 000 ტონით აღემატება (დაკლული წონა, ფრინველის ხორცის ჩათვლით). აქედან 31.7% მოდის მსხვილფეხა რქოსანი პირუტყვის ხორცზე, 38.3% - ფრინველის, 28.8% - ღორის, 1.1% - ცხვრისა და თხის ხორცზე, ხოლო დანარჩენს უმნიშვნელო წილი უკავია.

2023 წლის განმავლობაში სასაკლაოებში წარმოებული ხორცისგან სასაკლაოს მიერ შესყიდული იყო 8 455.3 ტონა, საიდანაც 24.9% მოდის მსხვილფეხა რქოსანი პირუტყვის ხორცზე, 12.2% - ფრინველის ხორცზე, ხოლო 61.1% - ღორის ხორცზე.

სასაკლაოებში წარმოებული ხორცის მოცულობის ზრდის მიუხედავად, გასულ წელს სასაკლაოები უფრო ნაკლებ მომხმარებელს მოემსახურნენ, ვიდრე 2022 წელს. 2023 წლის განმავლობაში მომსახურება გაეწია 40.3 ათას პირს, საიდანაც 43.5% შინამეურნეობების (ოჯახური მეურნეობები) სახით იყვნენ წარმოდგენილნი.

სასაკლაოებში დასაქმებულთა საშუალო თვიურმა რაოდენობამ 1 262 კაცი შეადგინა.

საქსტატის მიერ გამოქვეყნებული დოკუმენტის მიხედვით, 2023 წელს სასაკლაოების მომსახურება გაძვირდა. ერთეული პირუტყვის დაკვლაზე მომსახურების საშუალო ფასი შემდეგნაირი იყო: მსხვილფეხა რქოსანი პირუტყვის დაკვლის საფასური - 34.4 ლარი, ცხვრის ან თხის - 15.9 ლარი, ღორის - 29.6 ლარი.

სასაკლაოების უმრავლესობა (49.3%) სრულად არის აღჭურვილი თანამედროვე ტექნოლოგიებით, 45.1% აღჭურვილია ნაწილობრივ, 5.6% კი არ არის აღჭურვილი თანამედროვე ტექნოლოგიებით. სასაკლაოების 70.1% არ სარგებლობს სესხით, ხოლო 29.9%-ს აღებული აქვს სესხი სხვადასხვა მიზნით: 58.1%-ს - ძირითადი კაპიტალის შეძენისთვის, 32.6%-ს - საბრუნავი კაპიტალისათვის, ხოლო 9.3%-ს როგორც ძირითადი, ასევე საბრუნავი კაპიტალისთვის.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები