2023 წელს საქართველოს მიმდინარე ანგარიშის დეფიციტი ისტორიულ მინიმუმამდე შემცირდა - ამის შესახებ ეროვნული ბანკის მიერ დღეს გამოქვეყნებული სტატისტიკიდან ხდება ცნობილი. დოკუმენტის თანახმად, გასულ წელს წინასწარი შეფასებით საქართველოს მიმდინარე ანგარიშის დეფიციტი 4.3% იყო, მაშინ როდესაც 2022 წელს ის 4.5%-ს შეადგენდა. შესაბამისად შემცირებამ 0.2 პროცენტული პუნქტი შეადგინა. ეს მაჩვენებელი ნებისმიერ წინა წელთან შედარებით უფრო მცირეა.
მიმდინარე ანგარიშის ბალანსის გაუმჯობესება გასულ წელს საქართველოდან სერვისების წმინდა ექსპორტის 25%-იანმა ზრდამ განაპირობა, რაც IT სექტორის შემოსავლების მატებას უკავშირდებოდა. ასევე გაზრდილი იყო ტურიზმის და ექსპორტის შემოსავლები, რამაც მთლიანობაში მიმდინარე ანგარიშის ბალანსზე პოზიტიური გავლენა მოახდინა.
წლების მიხედვით საქართველოს მიმდინარე ანგარიშის ბალანსი ასე ნაწილდება:
2017 წელი - მინუს 8%;
2018 წელი - მინუს 6.7%;
2019 წელი - მინუს 5.8%;
2020 წელი - მინუს 12.4%;
2021 წელი - მინუს 10.3%;
2022 წელი - მინუს 4.5%;
2023 წელი - მინუს 4.3%.
მიმდინარე ანგარიშის დეფიციტის კლება ქვეყნის ეროვნულ ვალუტაზე დაწოლის შემცირების უმთავრესი ფაქტორია და მისი გაცვლითი კურსის სიმყარეს განაპირობებს.
საგადასახადელო ბალანსი ქვეყანაში შემოსული და ქვეყნიდან გასული სავალუტო ნაკადების მოცულობას ასახავს. საქართველოსთვის შემომავალ სავალუტო ნაკადებს ძირითადად ექსპორტი; ფულადი გზავნილები და ტურიზმი (მომსახურების ექსპორტი) აგენერირებენ, ხოლო გამავალი ნაკადების მთავარი წყარო იმპორტია.