2023 წლის განმავლობაში საქართველოში 1 მილიარდ 600 მილიონი დოლარის პირდაპირი უცხოური ინვესტიციები შემოვიდა, რაც 2022 წელთან შედარებით 24%-ით ნაკლებია. საქსტატის განმარტებით ინვესტიციების კლება სავალო ვალდებულებების შემცირებას უკავშირდება, რამაც მინუს 857 მილიონი დოლარი შეადგინა, თუმცა სხვა შემომავალი ნაკადები 2023 წელს მაღალ დონეზე ფიქსირდებოდა:
- ინვესტიციები კომპანიების სააქციო კაპიტალში - 1.17 მილიარდი დოლარი (ზრდა 476 მლნ დოლარი);
- რეინვესტიციები (სხვაობა კომპანიების მოგება-ზარალსა და დივიდენდებს შორის) - 1.27 მილიარდი დოლარი (კლება 99 მლნ დოლარი);
- სავალო ვალდებულებები (სავაჭრო ვალდებულებები და კრედიტები) - მინუს 857 მლნ დოლარი (კლება 880 მლნ დოლარი).
ქვეყნების მიხედვით ყველაზე მეტი ინვესტიცია დიდი ბრიტანეთიდან შემოვიდა, თუმცა საგულისხმოა გარემოება, რომ საქართველოს ორი უმსხვილესი საფინანსო ინსტიტუტი იურიდიულად ბრიტანულ კომპანიას წარმოადგენს და მათი ოპერაციები FDI-ს სტატისტიკაში აღირიცხება. ქვეყნებს შორის მეორე ადგილზეა ნიდერლანდები, რაც ასევე განპირობებულია იმით, რომ იურიდიულად არაერთი მსხვილი ქართული კომპანია ნიდერლანდებში არის რეგისტრირებული. უმსხვილესი ინვესტორი ქვეყნების ათეულში ასევე შედის მალტაც, რაც ოფშორულ ზონას წარმოადგენს.
საქართველოს უმსხვილესი ინვესტორი ქვეყნების რეიტინგი 2023 წელს:
- გაერთიანებული სამეფო - $392 მილიონი დოლარი, კლება -10%
- ნიდერლანდები - $361 მილიონი დოლარი, ზრდა 84%
- თურქეთი - $169 მილიონი დოლარი, ზრდა 206%
- აშშ - $154 მილიონი დოლარი, კლება -13%
- რუსეთი - $88 მილიონი დოლარი, კლება -19%
- მალტა - $80 მილიონი დოლარი, ზრდა 105%
- აზერბაიჯანი - $54 მილიონი დოლარი, ზრდა 3053%
- ჩინეთი - $47 მილიონი დოლარი, ზრდა 8%
- იაპონია - $46 მილიონი დოლარი, კლება -22%
- ყაზახეთი - $43 მილიონი დოლარი, ზრდა 33%.
ყველაზე დიდი მოცულობის პირდაპირი უცხოური ინვესტიცია საფინანსო და სადაზღვევო საქმიანობების სექტორში განხორციელდა და 630.1 მლნ. აშშ დოლარი შეადგინა, რაც მთლიანი პირდაპირი უცხოური ინვესტიციების 39.5 პროცენტია. მეორე ადგილზე იმყოფება დამმუშავებელი მრეწველობის სექტორი 291.7 მლნ. აშშ დოლარით (18.3 პროცენტი), ხოლო მესამეზე - ტრანსპორტის სექტორი 138.2 მლნ. აშშ დოლარით (8.7 პროცენტი).