2023 წლის მესამე კვარტალში საქართველოში პირდაპირი უცხოური ინვესტიციების სახით 316 მილიონი დოლარი შემოვიდა, რაც წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 504 მილიონი დოლარით, ანუ 61%-ით ნაკლებია. მთლიანად სამი კვარტალის განმავლობაში FDI-მ 1.38 მილიარდი დოლარი შეადგინა, რაც წინა წელთან შედარებით 399 მილიონი დოლარით, ანუ 22%-ით ნაკლებია.
რაც შეეხება უმსხვილეს ინვესტორ ქვეყნებს, სამი კვარტალის ჯამით პირველ ადგილს კვლავ ნიდერლანდები იკავებს, საიდანაც 373 მილიონი დოლარი შემოვიდა, მეორე ადგილზე კი გაერთიანებული სამეფოა 188 მილიონი დოლარით. თუმცა საგულისხმოა გარემოება, რომ როგორც ნიდერლანდების, ასევე დიდი ბრიტანეთის ინვესტიციები სინამდვილეში ქართულ ინვესტიციებს წარმოადგენს, რადგანაც არაერთი მსხვილი ქართული კორპორაცია ნიდერლანდებში არის დაფუძნებული, ხოლო უმსხვილესი ქართული ბანკები კი იურიდიულად ბრიტანული კომპანიებია.
ინვესტიციების რეიტინგში მოხვდნენ ოფშორული ზონებიც, როგორიცაა მარშალის კუნძულები ($33 მლნ); ბელიზი ($6 მლნ); კაიმანის კუნძულები ($6 მლნ). ამასთანავე ორი ოფშორული ზონის მიმართ დაფიქსირდა ინვესტიციების "გადინება/შემცირება", საუბარია ვირჯინიის კუნძულებზე მინუს 10 მილიონი დოლარით და კვიპროსზე - 45 მილიონი დოლარით. თუმცა ინვესტიციების კლება ამ ქვეყნებთან მიმართებით, შესაძლებელია, განპირობებული იყო ან შვილობილი კომპანიის მიერ მშობელი კომპანიისთვის ვალის დაბრუნებით ან კომპანიის მფლობელობის შეცვლით, რადგანაც თუკი უცხოური ინვესტიციით დაფუძნებული კომპანია ქართველ მფლობელზე გადადის, ამ დროს მთლიანი განხორციელებული ინვესტიცია "ჩამოიწერება" და მინუსით აღირიცხება, იმის მიუხედავად რომ თავად კომპანიის ოპერირებაში, შესაძლოა, არაფერი იცვლებოდეს.
საქართველოს უმსხვილესი ინვესტორი ქვეყნები 2023 წლის 9 თვეში:
ქვეყანა | FDI 2023 წლის მესამე კვარტალში | ზრდა კლება წინა წელთან შედარებით |
ნიდერლანდები | $374,145,700 | 124.9% |
გაერთიანებული სამეფო | $188,283,900 | -33.0% |
თურქეთი | $166,180,300 | 55.8% |
აშშ | $123,311,200 | 9.1% |
იაპონია | $72,711,200 | 0.2% |
რუსეთი | $66,564,400 | 17.4% |
ჩეხეთი | $56,697,900 | 2.2% |
მალტა | $55,590,500 | 108.2% |
ყაზახეთი | $41,180,000 | 10.6% |
ჩინეთი | $36,693,300 | 36.3% |
რაც შეეხება სექტორულ მაჩვენებლებს, ის ასე გამოიყურება:
სექტორი | FDI 2023 წლის 9 თვეში | ზრდა/კლება წინა წელთან შედარებით |
საფინანსო და სადაზღვევო საქმიანობები | $341,920,100 | 1% |
დამმუშავებელი მრეწველობა | $287,577,700 | 131% |
ელექტროენერგიის, აირის, ორთქლის და კონდიცირებული ჰაერის მიწოდება | $233,710,000 | 58% |
საბითუმო და საცალო ვაჭრობა; ავტომობილების და მოტოციკლების რემონტი | $129,133,400 | -37% |
ტრანსპორტი და დასაწყობება | $115,316,800 | 54% |
ინფორმაცია და კომუნიკაცია | $94,024,100 | 22% |
ხელოვნება, გართობა და დასვენება | $51,954,500 | -67% |
განთავსების საშუალებებით უზრუნველყოფის და საკვების მიწოდების საქმიანობები | $48,298,300 | -18% |
უძრავ ქონებასთან დაკავშირებული საქმიანობები | $36,894,900 | -89% |
განათლება | $12,260,200 | 57% |
ჯანდაცვა და სოციალური მომსახურების საქმიანობები | $12,251,800 | 607% |
სხვა სახის მომსახურება | $8,057,400 | -16% |
მშენებლობა | $6,325,500 | -57% |
ადმინისტრაციული და დამხმარე მომსახურების საქმიანობები | $5,903,900 | 106% |
პროფესიული, სამეცნიერო და ტექნიკური საქმიანობები | $4,965,800 | -53% |
სამთომოპოვებითი მრეწველობა და კარიერების დამუშავება | $1,313,100 | -71% |
წყალმომარაგება; კანალიზაცია, ნარჩენების მართვა და დაბინძურებისაგან გასუფთავების საქმიანობები | -$500,400 | -100% |
სოფლის, სატყეო და თევზის მეურნეობა | -$1,191,500 | -124% |