მომხმარებელთა ინტერესების საზოგადოებრივი დამცველის სამსახურის 2023 წლის ანგარიში გამოქვეყნდა. ანგარიშში წარმოდგენილი 2023 წლის სხვადასხვა სტატისტიკური მაჩვენებლების ანალიზი ცხადყოფს, რომ გასული წლების მსგავსად, საანგარიშო პერიოდში კვლავ შენარჩუნებულია მომხმარებელთა მიმართვიანობის მზარდი დინამიკა და დაკმაყოფილებული საჩივრების რაოდენობის ზრდის ტენდენცია.
უფრო კონკრეტულად, თუკი 2018 წელს სამსახურში შევიდა 413 განცხადება/საჩივარი, 2019 წელს – 714 განცხადება/საჩივარი, 2020 წელს – 822 განცხადება/საჩივარი, 2021 წელს – 971 განცხადება/საჩივარი, 2022 წელს – 1227 განცხადება/საჩივარი, ხოლო 2023 წელს მომართვიანობის მაჩვენებელმა შეადგინა 1572 განცხადება/საჩივარი.
რაც შეეხება განხილული საჩივრების შედეგების მაჩვენებელს, აქაც შენარჩუნებულია დადებითი დინამიკა წინა წელთან შედარებით. კერძოდ, თუკი 2022 წელს სრულად დაკმაყოფილებული საჩივრების რაოდენობა სამსახურში შესული საჩივრების 87% იყო, საანგარიშო პერიოდში, დადებითი შედეგით დასრულებული საჩივრების რაოდენობა, საჩივრების 91%-ს შეადგენს.
„საანგარიშო პერიოდში კვლავ დამაკმაყოფილებელი მაჩვენებელია შენარჩუნებული განცხადება/საჩივრების იმ კატეგორიასთან მიმართებით, რომლებიც მომხმარებლის სასარგებლოდ არ იქნა გადაწყვეტილი. კერძოდ, ასეთი კატეგორიის მაჩვენებელი, შემოსული საჩივრების 6%-ს (93 საჩივარს) შეადგენს.
სამსახურში შემოსული განცხადება/საჩივრების თემატიკის მაჩვენებელთან მიმართებით უნდა აღინიშნოს, რომ წელს შეიცვალა ტენდენცია და საანგარიშო პერიოდში პირველი სამეული გადანაწილდა შემდეგ თემატიკებზე – ინტერნეტ სივრცეში დაუშვებელი პროდუქციის განთავსება; ელექტრონული საკომუნიკაციო კავშირის დაზიანება და მომსახურების შეზღუდვის ან/და შეწყვეტის პირობები და უხარისხო სატელეკომუნიკაციო მომსახურება.
გამომდინარე იქიდან, რომ სატელეკომუნიკაციო ბაზარზე მნიშვნელოვანი ძალაუფლების მქონე ოპერატორებს წარმოადგენენ შპს „მაგთიკომი“ და სს „სილქნეტი“, მომხმარებელთა პრეტენზია/საჩივრები მეტწილად მათ წინააღმდეგ იყო მიმართული, რასაც ცხადყოფს ზემოთ მოყვანილი სტატისტიკური მონაცემები“, - ნათქვამია საზოგადოებრივი დამცველის ანგარიშში.