საქართველოში მოქმედმა მობილურმა ოპერატორებმა 2024 წლის ფინანსური შედეგები კომუნიკაციების კომისიას უკვე წარუდგინეს. ანგარიშის თანახმად გასულ წელს ოპერატორების შემოსავლები 77.5 მილიონი ლარით, ანუ 10%-ით გაიზარდა და მან 865 მილიონ ლარს მიაღწია.
2024 წელს ქართული მობილური ოპერატირების აბონენტების რიცხვი 2%-ით, 5,648,065-მდე გაიზარდა, რაც ნიშნავს რომ ქვეყნის ერთ მოსახლეზე საშუალოდ 1.52 აქტიური ნომერი მოდის, ანუ თითქმის ყოველ მეორე ადამიანს ტელეფონის ორი ნომერი აქვს.
მობილური ოპერატორების შემოსავლების 10%-იანი მატება აბონენტების რიცხვის ზრდასთან ერთად მათ მიერ ტარიფების გაძვირებამ, ასევე მობილური ინტერნეტის სეგმენტზე მოთხოვნის 19%-იანმა ზრდამ განაპირობა.
მობილური ოპერატორების შემოსავლები 2024 წელს ასე ნაწილდება:
- მაგთი - 409,913,865 ლარი, 2,341,775 აბონენტი, ბაზრის 41.5%, შემოსავლის ზრდა 6.5%;
- სილქნეტი - 304,553,049 ლარი, 1,974,614 აბონენტი, ბაზრის 35%, შემოსავლების ზრდა 10.8%;
- სელფი მობაილი - 148,898,037 ლარი, 1,313,853 აბონენტი, ბაზრის 23.3%, შემოსავლების ზრდა 17.7%.
ფინანსური მაჩვენებლების თანახმად, ოპერატორებისთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანია თვის განმავლობაში ერთი აბონენტიდან მიღებული შემოსავალი ანუ ARPU. 2024 წლის დეკემბერში მაგთის ერთი აბონენტი კავშირგაბმულობაში თვის განმავლობაში 15 ლარს იხდიდა, რაც წლიურად 39 თეთრით არის გაზრდილი, სილქნეტის ერთი აბონენტის საშუალო ხარჯი თვეში 13.30 ლარია, რაც 2 თეთრით არის შემცირებული ერთი წლის ჭრილში, ხოლო სელფი მობაილის ერთი აბონენტის საშუალო თვიური ხარჯი 9.84 ლარია, რაც წლიურად 0.34 ლარით არის მომატებული.
მობილური ოპერატორების საქმიანობის ანგარიშიდან ირკვევა, რომ 2024 წლის დეკემბრის მდგომარეობით, მობილურ ინტერნეტს ყოველთვიურად 3,963,777 აბონენტი მოიხმარდა, რაც მთლიანი აბონენტების 70%-ია, წინა წელს ეს მაჩვენებელი აბონენტების 68% იყო.
სტატისტიკის თანახმად, 2024 წლის ოქტომბრის მდგომარეობით ერთი აბონენტი თვეში საშუალოდ 15.4 გიგაბაიტ ინტერნეტს მოიხმარდა, რაც წლიურად 1.56 გიგაბაიტით არის გაზრდილი.
მთლიანობაში 2024 წელს საქართველოში მობილური ინტერნეტის ტრაფიკი 19%-ით გაიზარდა და მან 670,398 ტერაბაიტი შეადგინა.