საქსტატის კულტურის სტატისტიკის მიხედვით, გასულ წელს ქვეყანაში თეატრების დატვირთულობა გაიზარდა.
2023 წლის მონაცემებით, საქართველოში 53 პროფესიული თეატრი ფუნქციონირებდა, აქედან, 42 ერთეული იყო დრამის, მუსიკალური კომედიისა და მინიატურების, 7 - თოჯინების, 2 - ოპერისა და ბალეტის, ხოლო 2 - ბავშვთა და მოზარდ მაყურებელთა თეატრი. თეატრების უმრავლესობა, 52.8% თბილისზე მოდის, 15.1% - იმერეთზე, ხოლო დარჩენილი 32.1% სხვა რეგიონებზე ნაწილდება.
გასულ წელს ქვეყანაში 4 900 ღონისძიება ჩატარდა, საიდანაც 231 იყო გასვლითი (ქალაქის გარეთ). საზღვარგარეთ ჩატარებული ღონისძიებების რაოდენობამ კი 156 შეადგინა.
გასულ წელს 4 681 სპექტაკლი ჩატარდა, რაც წლიურად 23.4%-ით გაზრდილი მაჩვენებელია. ამასთან, ღონისძიებებზე დამსწრე მაყურებელთა საერთო რიცხოვნობა, წინა წელთან შედარებით 1.4-ჯერ გაიზარდა და 772 000 შეადგინა.