მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

2023 წელს უმსხვილესმა ბანკებმა სამსახურიდან 60,000-ზე მეტი თანამშრომელი გაათავისუფლეს - Financial Times

უოლ-სტრიტი

ავტორიტეტული ბრიტანული გამოცემის, Financial Times-ის დათვლებით, წლის დასაწყისიდან დღემდე, მსოფლიოს უმსხვილესმა ბანკებმა 60 ათასზე მეტი თანამშრომელი დაითხოვეს, რაც ერთ-ერთი ყველაზე ცუდი მაჩვენებელია, რომელიც 2007-2009 წლების გლობალური ფინანსური კრიზისის შემდეგ დაფიქსირდა. თანამშრომლების დათხოვნის გზით, როგორც ჩანს, ბანკები საოპერაციო ხარჯების შემცირებას და მოგების შენარჩუნებას ცდილობენ, რის გამოც, როგორც ექსპერტები ამბობენ, თანამშრომელთა მასობრივი გათავისუფლება 2024 წელსაც გაგრძელდება.

2023 წელს უმუშევრად დარჩენილი ბანკირების უდიდესი ნაწილი უოლ-სტრიტის ბანკებიდან დაითხოვეს, რაც გასაგებიცაა, რადგან ბოლო დროს, ნიუ-იორკში შემცირდა, როგორც კერძო გარიგებების, ასევე პირველადი საჯარო შეთავაზებების, იგივე IPO-ების რაოდენობა, რამაც, თავის წილ, შეამცირა ის შემოსავალი, რომელსაც ბანკები ამ საქმიანობის სანაცვლოდ იღებდნენ. თუმცა ნიუ-იორკთან ერთად, თანამშრომელთა შემცირების კუთხით მნიშვნელოვანი წვლილი შვეიცარიამაც შეიტანა, სადაც UBS-მა გაკოტრებული Credit Suisse-ი შეიძინა და გარიგების ფარგლებში 13,000-ზე მეტი თანამშრომელი გაათავისუფლა. ყველაზე მეტი თანამშრომელი 2023 წელს, სწორედ Credit Suisse-მა დაითხოვა.

Financial Times-ის ინფორმაციით, სამეულში ასევე მოხვდნენ Wells Fargo და Citigroup-ი, რომლებმაც, ჯამში, 17,000 თანამშრომელი გაათავისუფლეს. საინტერესოა, რომ Wells Fargo, რომელიც ჯამში 12,000 თანამშრომელს დაემშვიდობა ამ გადაწყვეტილების სანაცვლოდ $186 მილიონი გადაიხადა, კომპენსაციის სახით.

შეგახსენებთ, რომ ამ დრომდე, საბანკო-საფინანსო სექტორში უდიდესი გადინება 2007-2008 წლებში დაფიქსირდა, როცა გლობალური ფინანსური კრიზისის გამო, ბანკებმა 140,000 თანამშრომელი გაათავისუფლეს.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები