მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

2023 წლის 7 თვეში უბილეთო მგზავრების ჯარიმებიდან ბიუჯეტში, თითქმის, ₾2 მილიონი შევიდა

სდს

2023 წლის 7 თვეში უბილეთო მგზავრების ჯარიმებიდან ბიუჯეტში თითქმის ორი მილიონი ლარი შევიდა.

თბილისის სატრანსპორტო კომპანიის მიერ Bm.ge-სთვის მოწოდებული სტატისტიკის მიხედვით, 2023 წლის 1 ივლისამდე შედგენილი იქნა 86 706 ელექტრონული საჯარიმო ქვითარი, საიდანაც გასაჩივრდა 1 170 და აქედან 345 დაკმაყოფილდა.

იქიდან გამომდინარე, რომ მუნიციპალური ტრანსპორტით უბილეთოდ მგზავრობაზე 20-ლარიანი ჯარიმა მოქმედებს გამოდის, რომ მიმდინარე წლის შვიდ თვეში უბილეთო მგზავრების ჯარიმებიდან ბიუჯეტში თითქმის 2 მილიონი ლარი შევიდა, კერძოდ, დაახლოებით 1,727,220 ლარი.

სტატისტიკიდან ასევე ირკვევა, რომ უბილეთო მგზავრობისთვის ჯარიმების რაოდენობა ყოველ წელს იზრდება.

კერძოდ, 2020 წელს შედგენილი იქნა 5 547 ელექტრონული საჯარიმო ქვითარი, საიდანაც გასაჩივრდა 377 და დაკმაყოფილდა 27;

2021 წელს შედგენილი იქნა 10 343 ელექტრონული საჯარიმო ქვითარი, საიდანაც გასაჩივრდა 133, დაკმაყოფილდა 49;

2022 წელს შედგენილი იქნა 105 752 ელექტრონული საჯარიმო ქვითარი, საიდანაც გასაჩივრდა 1 703 და აქედან 586 დაკმაყოფილდა;

აღსანიშნავია, რომ თბილისის სატრანსპორტო კომპანიის ვებგვერდზე განთავსებულია ინფორმაცია, სადაც წერია, რომ სამწუხაროდ ხშირია შემთხვევები, როდესაც მგზავრთა გარკვეული ნაწილი თავს არიდებს მგზავრობის საფასურის გადახდას. სწორედ ასეთი შემთხვევების პრევენციის და მინიმუმამდე დაყვანის მიზნით არის კომპანიაში შექმნილი მგზავრთა მონიტორინგის სამსახური, რომლის ფუნქცია უბილეთო მგზავრების გამოვლენა და მათი კანონის შესაბამისად, ადმინისტრაციული წესით დაჯარიმებაა.

როგორც უკვე აღვნიშნეთ, სტატისტიკა გვიჩვენებს, რომ წლიდან წლამდე უბილეთო მგზავრების რაოდენობა არა თუ მინიმუმამდეა დაყვანილი, არამედ უფრო და უფრო იზრდება, რაც კითხვას ბადებს -  რამდენად სწორად და ეფექტურად მუშაობს არსებული მონიტორინგი, რადგან აღნიშნული კონტროლის მიზანი ხომ მათ შორის უბილეთო მგზავრების შემცირებაა?

ცნობისათვის: თბილისში, მუნიციპალურ ტრანსპორტით, კერძოდ ავტობუსით უბილეთოდ მგზავრობაზე 20-ლარიანი ჯარიმა მოქმედებს. იმ შემთხვევაში, თუ პირი 30 დღის განმავლობაში ჯარიმას არ გადაიხდის, ეკისრება საურავი - 40 ლარი.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები