მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

2023 წლის ნოემბერში ყველაზე მეტი ბინა დიდ დიღომსა და საბურთალოზე გაიყიდა - Galt & Taggart

ბინები
21.12.23 16:06
1985

უძრავი ქონების გაყიდვები

2023 წლის ნოემბერში თბილისში 3,300 ბინა გაიყიდა, რაც თვიურად 0.8%-იანი, წლიურად კი 14.9% კლებაა. გაყიდვების წლიური კლება წინა წლის მაღალი ბაზის შედეგია. ნოემბერში, წინა თვეების მსგავსად, ყველაზე მცირედით ბინების გაყიდვებმა პირველად ბაზარზე იკლო (-6.1% წ/წ), ხოლო, მეორად ბაზარზე გაყიდვები წლიურად 21.4%-ით შემცირდა. მეორად ბაზარზე გაყიდვების ვარდნა სპეკულაციური ყიდვა-გაქირავების პერიოდის დასრულებაზე მიუთითებს, რაც გამოწვეულია ქირის, და შესაბამისად შემოსავლიანობის, ეტაპობრივი კლებით, რომლებიც ჯანსაღ დონეს უბრუნდება.

თბილისში 2023 წლის ნოემბერში, ბინების უმეტესი ნაწილი საბურთალოსა და გარეუბნებში გაიყიდა. აღნიშნულ პერიოდში საბურთალოზე სულ 526 ბინა გაიყიდა, რაც ჯამური გაყიდვების 15.9%-ია. რაც შეეხება გარეუბნებს, დიდ დიღომში, გლდანსა და სამგორში სულ 1,417 ბინა გაიყიდა 2023 წლის ნოემბერში, რაც ჯამური გაყიდვების 42.9%-ია. გარეუბნებში მაღალი მოთხოვნა ერთის მხრივ გამოწვეულია იმით, რომ მომხმარებლისთვის უფრო ხელმისაწვდომი ფასებია, ხოლო მეორეს მხრივ იმით, რომ დეველოპერული პროექტების უდიდესი ნაწილი სწორედ დიდ დიღომში, სამგორსა და გლდანში ხორციელდება.

ბაზრის სხვა ძირითადი მახასიათებლები უცვლელი დარჩა: გაყიდვებში საშუალო ზომის ბინების (51-80 მ2) წილი კვლავ ყველაზე მაღალია (51.1%), მათი ხელმისაწვდომობისა და გაქირავების სიმარტივის გამო. ასევე, საშუალო/მაღალი კლასის სეგმენტების ($801 - 1,800) წილის ზრდა, რაც მზარდი ფასებით არის გამოწვეული.

უძრავი ქონების ფასი და ქირა

2023 წლის ნოემბერში წინა თვესთან შედარებით, პირველადი ბაზრის ფასები მცირედით, 0.8%-ით გაიზარდა. უძრავი ქონების ფასები თბილისის რაიონების მიხედვით US$ 900-დან US$ 2,500-მდე მერყეობს. 2021-23 წლებში ფასები თბილისის ყველა რაიონში მნიშვნელოვნად გაიზარდა. აღსანიშნავია რომ მინიმალური შენაძენის ფასი დაახლოებით 900 დოლარია, მაშინ როცა 2 წლის წინ იგივე რიცხვი, დაახლოებით, 600 დოლარს შეადგენდა.

2023 წლის ნოემბერში თბილისში ბინის (50-60 მ2) ქირის საშუალო ფასმა კვადრატულ მეტრზე 11.4 აშშ დოლარი შეადგინა (+6.6% წ/წ). აღსანიშნავია, რომ 2023 წლის მარტიდან (პიკური პერიოდი), დღემდე ქირა 5.4%-ით არის შემცირებული. მოსალოდნელია, რომ ქირის ეტაპობრივი შემცირება უახლოეს მომავალშიც გაგრძელდება.

სამშენებლო ნებართვები

2023 წლის პირველ 11 თვეში გაცემული სამშენებლო ნებართვების ფართობი წლიურად 37.1%-ით არის გაზრდილი. აღსანიშნავია მნიშვნელოვანი ზრდა საბურთალოსა და ისნის რაიონებში (+142.2% და +164.8% წ/წ, შესაბამისად). საბურთალოს რაიონში ზრდა უნივერსიტეტის/მინდელის ქუჩებსა და ლისის მიდამოებში გაცემული ნებართვების ზრდას უკავშირდება.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები