2023 წლის პირველ 9 თვეში ელექტროენერგიის მოხმარება შენელდა და წლიურად 8.3%-ით შემცირდა. აღნიშნულის შესახებ მიმოხილვას TBC Capital ავრცელებს.
როგორც კვლევაშია განმარტებული, ელექტროენერგიის მოხმარებამ 2022 წელს რეკორდულ 14.2 ტვტ.სთ-ს მიაღწია. თუმცა, მზარდი ტენდენცია აფხაზეთის, კრიპტომაინინგისა და ფეროშენადნობთა საწარმოების მოხმარების შემცირების ფონზე 2023 წლის პირველ 9 თვეში შენელდა და მოხმარება წლიურად 8.3%-ით, 9.8 ტვტ.სთ-მდე შემცირდა. მეორე მხრივ, საცალო მომხმარებლების კატეგორია მოხმარების მცირედ ზრდას აჩვენებს.
TBC Capital-ის პროგნოზით, საშუალოვადიან პერიოდში ელექტროენერგიის მოხმარება წლიურად 5%-ის ფარგლებში გაიზრდება და 2026 წლისთვის, ელექტროენერგიის მოხმარება 15.4 ტვტ.სთ-ს მიაღწევს.
2022 წლისათვის ელექტროენერგიის გენერაციამ, საქართველოში რეკორდულ, 14.2 ტერავატ/საათს მიაღწია, რაც წლიურად 12.6%-ით გაზრდილი მაჩვენებელია.
რაც შეეხება ჰიდროსადგურების და თბოსადგურების გამომუშავებას, 2021 წელთან შედარებით, ჰიდროსადგურების გამომუშავება გაზრდილია 5.8%-ით, ხოლო თბოსადგურების გამომუშავება 42.4%-ით არის გაზრდილი. ქარის სადგურის გენერაცია კი 5%-ით გაზარდა.
2023 წლის პირველი სამი კვარტლის მონაცემებით, ჯამური გამომუშავება წინა შესაბამის პერიოდთან შედარებით მხოლოდ 2%-ით გაზარდა.