„თიბისი კაპიტალის“ მიმოხილვის თანახმად, 2024 წლის აპრილში საქართველოში ელექტროენერგიის მოხმარება წლიურად 4%-ით შემცირდა, რაც ოკუპირებული აფხაზეთის მოხმარების მკვეთრ, 26.7%-იან კლებას უკავშირდება. შპს „ენგურჰესის“ დირექტორთა საბჭოს თავმჯდომარე, ლევან მებონია ოკუპირებულ აფხაზეთში ელექტროენერგიის მოხმარების შემცირებას გამრიცხველიანებას და კრიპტომაინინგის კლებას უკავშირებს.
როგორც მან BMGTV-ის გადაცემა „საქმიან დილაში“ განაცხადა, გასულ წლებში მოხმარების მკვეთრი ზრდის და შედეგად შექმნილი ელექტროენერგიის დეფიციტის საპასუხოდ, ოკუპირებული აფხაზეთის დე ფაქტო მთავრობამ ღონისძიებების გატარება დაიწყო.
„აფხაზეთის მოხმარება 2018 წლიდან 2022 წლის ჩათვლით მკვეთრად, თითქმის 35-40%-ით გაიზარდა და გაჩნდა ძალიან დიდი დეფიციტი. 2023 წლის დასაწყისში და ბოლოს, ამ დეფიციტის გამო, ჰქონდათ ძალიან დიდი შეზღუდვები, 5-6 საათი დღე-ღამეში. ბუნებრივია, ეს ძალიან რთულია, 6 საათი რომ მოსახლეობას ელექტროენერგია არ აქვს. აფხაზეთის მთავრობამ დაიწყო აქტიური ღონისძიებების გატარება, მრიცხველების დამონტაჟება და რაც მთავარია, ბრძოლა კრიპტოვალუტის მაინინგის წინააღმდეგ. ამან გამოიღო შედეგი და 2023 წელს თუ 2022 წელთან შევადარებთ, მოხმარებამ მოიკლო დაახლოებით 325 მლნ კილოვატ საათით, რაც საკმაოდ მნიშვნელოვანია. ასევე, 2024 წლის ოთხ თვეს თუ 2023 წლის ანალოგიურ პერიოდს შევადარებთ, კლება 99 მლნ კილოვატ საათია.
ასევე, რუსული ელექტროენერგია, რომელიც დახმარების სახით ეძლეოდათ, იმ მოცულობით არ შემოდის, როგორც ადრე და ეს ადგილობრივ ხელისუფლებას აიძულებს, მკვეთრი ღონისძიებები გაატარონ“,- აღნიშნავს ლევან მებონია.
მისივე თქმით, ამჟამად "ვარდნილჰესის" და "ენგურჰესის" 8 აგრეგატიდან ყველა ჩართულია. დღე-ღამეში მათი ჯამური გამომუშავება 22-23 მლნ. კილოვატ საათს შეადგენს, საიდანაც 22%-ს ოკუპირებული აფხაზეთი მოიხმარს.